სააპელაციომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლომ „რუსთავის 2-ის“ საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი და ტელეკომპანიის მფლობელად სასამართლომ კვლავ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში დატოვა.

„ჩვენ სამართლიანობას ვეძებთ, მაგრამ უშედეგოდ ამ ქვეყანაში, იმ ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს. აქედან გამომდინარე, მოულოდნელი არაფერი არ იყო. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევწყვეტთ და წავიღებთ შემდეგ ინსტანციაში გასასაჩივრებლად და იქაც თუ იგივე დადგა, მერე უკვე საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავთ. ვითხოვთ ჩვენი წილის, „რუსთავი 2-ის“ 60%-ის, ჩემი და ჯარჯი აქიმიძის წილის დაბრუნებას,” – განაცხადა დავით დვალმა.


საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება 2021 წლის  8 დეკემბერს გამოაცხადა. მოსამართლემ კომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2 -ის“ 60%-იანი წილის დაბრუნებაზე დავობდნენ.