სასამართლომ „რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა

პუბლიკა

საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ კომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნებაზე დავობდნენ.

საუბარია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელზე, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის შესახებ.

2021 წლის ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” (TI) „რუსთავი 2-ის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

როგორც TI წერდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნები საფუძვლიანია და ისინი უნდა დაკმაყოფილდეს.