სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემს პოსტზე სხვა პირის დანიშვნა ეკრძალებოდა - რაზმაძე

პუბლიკა

შსს-ს ყფილი თანამშრომელი გოგა რაზმაძე წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც შსს-ს ეკრძალებოდა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა.

„სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით“, – წერს ის.


საქალაქო სასამართლომ 2023 წლის დეკემბერში გამოიტანა განჩინება და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, გოგა რაზმაძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც სამინისტრომ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამას წინ უძღოდა სახალხო დამცველის გადაწყვეტილება, შეეწყვიტა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაძლო დისკრიმინაციის საქმის წარმოება.

2023 წლის ივლისში რაზმაძემ სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე ვრცელი პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

გოგა რაზმაძე წერდა, რომ შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში მუშაობს და ამ დეპარტამენტში ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კურატორად მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაინიშნა. მისი ინფორმაციით, როდესაც მან თავისი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ პრობლემებზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაუგზავნა მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს, 11 ივლისს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს.

გოგა რაზმაძე ჰყვება, რომ მას სამი საათის განმავლობაში დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ პირობებში „საქმეს ურჩევდა“  შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი.

რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების განადგურების თავიდან ასაცილებლად.

28 ივლისს კი, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.

30 ოქტომბერს გახდა ცნობილი ომბუდსმენის გადაწყვეტილება. 10 ნოემბერს გოგა რაზმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.