ავტორიზაციის საბჭომ ხელახალი განხილვის შემდეგ ილიაუნის სრული, უპირობო ავტორიზაცია მიანიჭა.
გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
საბჭოს სხდომის პარალელურად, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები უნივერსიტეტის მხარდაჭერის მიზნით იყვნენ შეკრებილები.
27 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია ერთ წელიწადში მონიტორინგის ჩატარების მოთხოვნით მიიღო.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო უნივერსიტეტისთვის, რადგან დასკვნა, რომლის საფუძველზეც საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე იმსჯელა, ამბობს, რომ უნივერსიტეტი ყველა სტანდარტის შესაბამისად აკმაყოფილებს მოთხოვნებს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარი იყო, რატომ დააკლო საბჭომ უნივერსიტეტს ქულები და რის შესამოწმებლად უნდა ჩაატაროს ხარისხის ცენტრმა ერთი წლის თავზე მონიტორინგი.
უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება სააპელაციო კომისიაში გაასაჩივრა. 30 დეკემბერს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა – აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია, ხელახლა განიხილოს ილიაუნის ავტორიზაციის საკითხი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის ხელახალი განხილვა ორჯერ გადადების შემდეგ დღეს, 12 მარტს იმართება.
როგორი იყო ილიაუნის პოზიცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიჩნევენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი იყო, რამაც დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციასაც.
„ერთი მხრივ, 26 სექტემბრის საბჭოს მიმდინარეობისას სრულად დარღვეული პროცედურები და, მეორე მხრივ, გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომელიც შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად“,- აცხადებდნენ უნივერსიტეტში.
კერძოდ, 27 სექტემბერს „პუბლიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი ამბობს, რომ სხდომაზე არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რომელიც საბჭოს კომისიის დასკვნის შეცვლის საფუძველს მისცემდა.
საბჭოს შეუძლია ექსპერტების დასკვნის შეცვლა, თუ განხილვის დროს გამოიკვეთა ახალი საკითხი და შეიქმნა საფუძველი, რომ ექსპერტების შესწავლის შემდეგ შესაძლოა რაღაც გამორჩათ და ამიტომ შეუძლიათ, შეცვალონ შეფასება. მაგრამ მსგავსი საკითხი არ დასმულა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაციის მინიჭებამდე უნივერსიტეტებს ექსპერტები ამოწმებენ. საამისოდ ეცნობიან სხვადასხვა დოკუმენტს და მართავენ ვიზიტებს უნივერსიტეტებში. 9-თვიანი პროცესის დასრულების შემდეგ დასკვნა ეგზავნება უნივერსიტეტს, ავტორიზაციის საბჭო კი მას სხდომამდე 10 დღით ადრე იღებს.
ქეთი ცოტნიაშვილის თქმით, სხდომაზე საბჭოს არგუმენტები არ წარუდგენია, არ განუმარტავთ, რაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება, თუმცა, კანონით დადგენილი ნორმების მიხედვით, მათ ამის ვალდებულება ჰქონდათ.
„მთავარი განხილვის დასრულების შემდეგ საბჭო გავიდა, 15 წუთში შემოვიდა და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საბჭოს თავმჯდომარე, ზურაბ ორჯონიკიძე – სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერი, იძახის, რომ გილოცავთ, თქვენ მოგეცათ ავტორიზაცია, ერთი წლის შემდეგ განხორციელდება მონიტორინგი.
ყველა დაიბნა, რადგან არ დაასახელა არგუმენტი, რის გამო დაინიშნა მონიტორინგი, რა უნდა გადამოწმდეს მონიტორინგის შედეგად, ყველაფერი რიგზე იყო ექსპერტთა დასკვნაში. უნივერსიტეტის მხრიდან დაისვა შეკითხვა, თუ რატომ. რის შემდეგაც მან თქვა, რომ განხილვაში შესვლას არ აპირებდა, გათიშა და გამოაცხადა 10-წუთიანი შესვენება...“,- ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი.
რა არის ავტორიზაცია?
ავტორიზაცია განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმია. მიზანი დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება, მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაა და ის სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
მხოლოდ ავტორიზებულ დაწესებულებას აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომის გაცემის უფლება.
ავტორიზაციის საბჭოს სხდომას წინ უძღვის, ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფის მუშაობა. ექსპერტები სწავლობენ დოკუმენტებს, ახორციელებენ ვიზიტებს უნივერსიტეტებში და ა.შ.
ამის შემდეგ მზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. ავტორიზაციის საბჭო 15 წევრისგან შედგება. წევრებს მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრი 1 წლის ვადით ნიშნავს.
ავტორიზაციის საბჭოს შეუძლია მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილებები: ·
- ავტორიზაციის მინიჭება;
- ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
- ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
ამასთანავე დაწესებულებამ შეიძლება მიიღოს ავტორიზაცია, თუმცა განესაზღვროს ვადა მიღებული რეკომენდაციების თაობაზე ანგარიშის წარმოსადგენად ან/და საბჭომ დააყენოს შუამდგომლობა ორი წლის ვადაში დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების თაობაზე ან/და დაწესებულებას შეეზღუდოს სტუდენტების მიღება. თითოეული პირობა დამოკიდებულია დაწესებულების მიერ მიღებულ შეფასებებზე – ვკითხულობთ ცენტრის გვერდზე.
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია.