18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 პირიდან სასამართლომ გუშინ მხოლოდ 12 დაკავებულთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ათი პირის მიმართ გამოიყენა ადმინისტრაციული პატიმრობა, ერთის შემთხვევაში ჯარიმა, ერთს კი შენიშვნა გამოუცხადეს.
(ზუკა ბერძენიშვილი – 7 დღე; ბექა ბასილაია – 13 დღე; ელგუჯა ბაგრატიონი – 12 დღე; გიორგი ბუნტური – 5 დღე; ლუკა ჭიჭინაძე – 5 დღე; გურამ მჭედლიშვილი – 1000 ლარი; გიგა მაქარაშვილი – 12 დღე; ირაკლი ნადირაძე – 13 დღე; ირაკლი კაჭარავა – 4 დღე; დათო მჟავანაძე – 4 დღე; დიმიტრი ბიძინაშვილი -13 დღე; პაატა სოსანაშვილი – სიტყვიერი შენიშვნა.)
დღეს უნდა გაგრძელებული 25 დაკავებულის საქმის განხილვა, თუმცა ადვოკატების თქმით, საქმის განხილვა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
კითხვა, როგორ აფასებენ ადვოკატები გუშინ მოსამართლის გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებაზე, ნონა ქურდოვანიძემ გვიპასუხა, რომ მტკიცებულებები არ იყო და შესაბამისად მოსამართლეს მტკიცებულებების არარსებობის გამო განხილვა უნდა შეეწყვიტა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული რამდენიმე პირის ინტერესებს იცავს.
„ორი პირის ინტერესებს ვიცავდით ჩვენ. (საია) მე, როგორც ადვოკატი, არ ვმონაწილეობდი, თუმცა ვესწრებოდი სხდომებს. რეალური მტკიცებულებები პოლიციას წარმოდგენილი არ ჰქონდა. სასამართლოს ასეთ შემთხვევაში არ აქვს უფლება, რომ მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტებები გაიზიაროს და მათ მიერ შედგენილი ოქმები გამოიყენოს იმისთვის, რომ პირს პატიმრობა შეუფარდოს. პატიმრობა არის მძიმე სახდელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და ამ სახდელის გამოყენებას სჭირდება იგივე სტანდარტით დასაბუთება, როგორც ეს სისხლის სამართლის საქმეებში ხდება. ეს სტანდარტი გულისხმობს, რომ თუ საქმეზე არაა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება რომ პირმა სამართალდარღევა ჩაიდინა, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, შეწყვიტოს განხილვა და ყოველგვარი ეჭვი გადაწყვიტოს იმ პირის სასარგებლოდ რომელსაც ედავებიან. მტგკიცებულებათა არარსებობის გამო უნდა შეეეწყვიტა მოსამართლეს განხილვა“, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
მისივე თქმით, გუშინ დღეს 25 დაკავებულის საქმის განხილვა უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო გაურკვეველი ვადით.
„წუხელ ღამის 3 საათზე შეგვატყობინეს რომ დღეს უნდა გამართულიყო სხვადასხვა დროს ამ 25 პირის პროცესი. დღის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო. ერთი 3 საათზე იყო ჩანიშნული, მეორე 5 საათზე. დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ გადაიდო.
მოსამართლემ იცოდა, რომ დღეს ვერ განიხილავდა, დღეს აღარ უნდა ჩაენიშნა. თანაშემწემ გვითხრა, რომ მოსამართლე დღეს სხვა საქმეებს განიხილავს. თუ სხვა საქმეები ჰქონდა დღეს განსახილველი, მაშინ რატომ ჩანიშნა?
ადამიანები სამი დღეა ელოდებიან, როდის დაიწყება მათი სხდომა. დამამცირებელია და თავხედურად გვექცევა სასამრთლო.
გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის ადვოკატის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინააღმდეგ მტკიცებულებები პოლიციას არ წარმოუდგენია სასამართლოზე. ზუკა ბერძენიშვილის ნაწილში მხოლოდ წარმოდგენილი იყო ვიდეო, რომელიც აქციაზე მის ყოფნას ადასტურებდა მხოლოდ.
„ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ არ არსებობდა მტკიცებულებები და მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ეს იყო ძველი პრაქტიკა, როცა ასე აკეთებდნენ. ამას ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი აქტორი აპროტესტებდა. ვითხოვდით წლებია ამ მიდგომების შეცვლას და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ სასამართლო არ აპირებს საბჭოთა კავშირის დროს მიღებული მიდგომების შეცვლას, როცა ერთი პოლიციის ჩვენების საფუძველზე ადმინისტრაციული პატიმრობას იყენებს“, – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.