სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. მხარდამჭერებს კი მიმართა, რომ პროვოკაციებს არ აჰყვნენ.

კობახიძე გამოეხმაურა ცოტა ხნის წინ ვაზისუბანში, 62-ე უბანთან მომხდარ ინციდენტს, სადაც ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ძალიან სამწუხაროა რომ მოხდა ასეთი პროვოკაცია და ჩვენ ვიცით, რომ სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია და ეს არ ხდება პირველად, მეორედ ან მეცხრედ და მეათედ.

სადაც არის ნიკანორ მელია, იქ არის პროვოკაცია და  ეს მოხდა მეოცედ, მე მგონი, ბოლო წლების განმავლობაში, სადაც არის მელია, იქ არის პროვოკაცია – ეს არის ძალიან სამწუხარო. მოვუწოდებ ყველას, როგორც პროვოკატორებს, მაგალითად, მელიას, თავი შეიკავონ პროვოკაციისგან. ასევე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და არ ჰქონდეთ რეაგირება ასეთ პროვოკაციებზე, სიმშვიდე არის ერთადერთი, რაც ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.

ვაზისუბანში, 62-ე საარჩევნო უბანზე, რამდენიმე წუთის წინ შუქი წავიდა. ადგილზე იმყოფებიან როგორც ენმ-ის, ისე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

ენმ-ის მერობის კანდიდატმა ადგილიდან მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე ხმების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ოცნებას“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მისცემენ.

ადგილზე იმყოფებოდა „ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანიც. მისი მისვლის შემდეგ უცნობმა პირებმა ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. უცნობმა პირმა მას თავში ჩაარტყა.  ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.