[საგუშაგოს ჩადგმამ] ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა - პროკურატურაში წაღვლის გამგებელი გამოიკითხა

პუბლიკა

ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვა გრძელდება. დღეს წაღვლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებელი, ვაჟა ლომიძე და სოფელ წაღვლის მკვიდრი, მანანა შეყელაშვილი გამოჰკითხეს.

„როგორია შედეგები ამ საგუშაგოების დადგმის? ძალიან ცუდი შედეგი მოიტანა. ეს იყო ძალიან არასწორად გადადგმული ნაბიჯი, ჩვენი, ვინც იყო მაშინ, ხელისუფლება იყო, თუ ვინც ჩადგა, ყოველ შემთხვევაში, ეს საგუშაგო. იმიტომ, რომ დავკარგეთ იმაზე მეტი, არაფერი არ მოგვიგია ხალხო, საერთოდ არაფერი ამ საგუშაგოების ჩადგმით. დავკარგეთ ტერიტორიები; მოსახლეობა ვეღარ შედის ტყეში, ვერ სარგებლობს ტყითა და ტყის მასალით. რა ვიცი, ძალიან ცუდი შედეგები… რა იგეგმებოდა ან ვინ გეგმავდა, საერთოდ არ ვიყავით ინფორმირებულნი ამასთან დაკავშირებით“, – თქვა ვაჟა ლომიძემ გამოკითხვის შემდეგ მედიასთან.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომ საგუშაგოს ჩადგმამდე ტყეში გაჩნდა ოკუპანტების მონიშვნები:

„ტყეში ვითომ მონიშვნებს ნახულობდნენ ხეებზე, რაც სრული აბსურდია, მე არ შემხვედრია არავინ, მოსახლეობას ვამბობ, რომ ეს საღებავით გაკეთებული აღნიშვნები ენახოს“.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ვის შეიძლება გაეკეთებინა მონიშვნები, ლომიძე პასუხობს – „მეტყევეს ან ვინც დაინტერესებული იყო რაიმეთი“.

ადგილობრივმა მანანა შეყელაშვილმა თქვა, რომ მოსახლეობამ დაკარგა ტყის დიდი ნაწილი, რითაც მანამდე სარგებლობდნენ.


ამავე ეპიზოდზე პროკურატურაში გამოჰკითხე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გახარიას ყოფილი თანაპარტიელი გიორგი ხოჯევანიშვილი, ასევე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. უფრო ადრე უწყებაში დაბარებულები იყვნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი, ასვე ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

2019 წლის აგვისტოში სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. მაშინ საქართველოს შს მინისტრი გიორგი გახარია იყო, ვახტანგ გომელაური სუს-ის უფროსის პოზიციას იკავებდა, ალექსანდრე ტაბატაძე კი სუს-ის უფროსის მოადგილე.

ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვევს თეა წულუკისანის საგამოძებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუს-მა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.