საია გელათში დაზიანებაზე პროკურატურას მიმართავს და გამოძიების დაწყებას მოითხოვს

პუბლიკა

საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანებაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი სულხან სალაძე აცხადებს, მათ შეისწავლეს ყველა დოკუმენტი, რომელიც ამ ეტაპზე იყო საჯარო, თუმცა საია აპირებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვოს ყველა ინფორმაცია პროექტის შესახებ, მათ შორის – ფინანსური.

როგორც სალაძე აღნიშნავს, გელათში არსებულ მდგომარეობას სააგენტო უწოდებს, „მცირე ხარვეზებს“, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ეს არის ძეგლის დაზიანება.

„ამ შედეგებს, რაც გელათს ზიანის სახით მიადგა, დიდი ხნის განმავლობაში ვნახავთ კიდევ. ერთი კვირის თავზე რომ თქვან, გელათის გადახურვა გამართულია და წყალი აღარ ჩავა სამონასტრო კომპლექსში, ეს არ ნიშნავს, რომ დაზიანებები, რაც მიადგა კომპლექსს, გაქრება“ , – განაცხადა სალაძემ.

პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მოითხოვს. საუბარია სსკ-ის 2592 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).

„დღეს ჩვენ მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება ძეგლის დაზიანების ფაქტზე. საუბარია არა ადგილობრივი, არამედ ეროვნული კატეგორიის ძეგლზე, რომელიც შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ამ ტიპის ძეგლების დაცვა განსაკუთრებულ რეგულირებას მოითხოვს“, – განაცხადა სულხან სალაძემ.


19 ოქტომბერს კუულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია გელათის სამონასტრო კომპლექსში დროებითი გადახურვის შესახებ.

„გელათის დროებითი გადახურვის პროექტი სამონასტრო კომპლექსის წინაშე არსებულ გამოწვევებს სრულად პასუხობს და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ტაძარში წყლის ჩადინების არიდებას”, – ნათქვამი იყო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, გელათის მთავარ ტაძარში სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში დროებითი გადახურვის მოწყობა ბოლო დღეების განმავლოვაში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. დროებითი სახურავის ახლად დამზადებული კრამიტით ჩანაცვლება კი მომავალი წლიდან დაიწყება.


2020 წლის მარტში პროფესიული წრეებისთვის ცნობილი გახდა, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის გამოც დასავლეთ ნაწილში წყალი ჩადიოდა და ზიანდებოდა კედლის მხატვრობა. მხატვრობის დაზიანებები გამოვლინდა  წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაზეც.

„ICOMOS საქართველოს“ შეფასებით, ძეგლი მხოლოდ სექტემბრის ბოლოს გადაიხურა – გუმბათის გარშემო, ნაწილობრივ. მათი თქმით, დროებითი გადახურვის ასეთი მეთოდი ვერ უზრუნველყოფს კედლის მხატვრობის სრულ დაცვას.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე აუცილებელია სრული, საიმედო გადახურვა. რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი დაზიანების სრულყოფილად შესწავლა.