- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერის ჩვენებას და მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
საია აცხადებს, რომ ვიდეოჩანაწერების საჯაროდ ჩვენება საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველის მანდატის სანდოობას და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ და გავრცელებული კადრების გადაიცა საჯაროდ.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყოს მოკვლევა, რის გამოც, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა და განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებს საია.
მათი თქმით, 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯაროდ აჩვენა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის საკანში გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელიც შემდგომ დაიდო სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც. გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ ჩაწერა განხორციელდა 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მისი გავრცელება მოხდა 2020 წლის 21 იანვარს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტის სხდომის ტრანსლირება ხდებოდა პარლამენტის ვებგვერდის, მედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით.
„გარდა ამისა, მინისტრმა საჯაროდ აჩვენა სამი ვიდეოჩანაწერი, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს მსჯავრდებულები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს სამსახურის თანამშრომლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელის სახეები, ხოლო ერთ-ერთ ჩანაწერთან დაკავშირებით, მინისტრი ასახელებს სახელს ასახელებს სახალხო დამცველის წარმომადგენლის სახელსაც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია, მოცემულ ვიდეოჩანაწერებში დაფარულია, მსჯავრდებულთა სახეები, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა იდენტიფიცირებას სხვა გზებით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
21 იანვარს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პენიტენციურ დაწესებულებებზე ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვისას ციხიდან ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი წარადგინა და ომბუდსმენის წარმომადგენლის ჩაცმულობა და ქცევა გააკრიტიკა.