„საიამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათ მიმართ კოორდინირებული და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის, ვანდალიზმის, დაშინებისა და სტიგმატიზაციის შესახებ საჩივარი გაგზავნა.
2024 წლის 9 და 31 მაისს, რუსული კანონის მიღების პარალელურად, „საიას“ ცენტრალური ოფისის შენობაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს, გააკეთეს წარწერები, მათ შორის: „აგენტები“, „აგენტურა“, „მოღალატე“, „მოღალატეები“, „ერის მტერი“ და გააკრეს ანალოგიური მსგავსი შინაარსის პლაკატები. 2024 წლის 31 მაისის ვანდალური თავდასხმის შემდეგ, „ქართული ოცნების“წარმომადგენელმა და პარლამენტის წევრმა, დიმიტრი სამხარაძემ Facebook-ზე შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამასთან, დიმიტრი სამხარაძემ პოსტს დაურთო ვიდეო კოლაჟი, სადაც ასახული იყო სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციისა და ოპოზიციური პარტიის ოფისებზე განხორციელებული ვანდალური თავდასხმების ფაქტები.
„საია“ აღნიშნავს, რომ თავდასხმების დღეებშივე მიაწოდა უშუალო ინფორმაცია და მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებებს და მოითხოვა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მათგან. ორი წლის განმავლობაში „საია“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან, გენერალური პროკურატურისაგან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას მოითხოვდა სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლების საფუძველზე: 156 (დევნა), 187(2)(გ) (ნივთის დაზიანება ან განადგურება ჯგუფურად) და 2592 (1) (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება), თუმცა უშედეგოდ.
პირველად ორგანიზაციამ სახალხო დამცველისგან გაიგო იმის შესახებ, რომ გამოძიება მოცემულ ფაქტებზე მიმდინარეობდა. საბოლოოდ „საიამ“ გაასაჩივრა საგამოძიებო უწყებების უმოქმედობა და მოითხოვა ამ გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსის მონიჭება. თუმცა, გენერალური პროკურატურისგანაც პასუხი ვერ მიიღო. შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა „საიას“ აღნიშნული მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ მხოლოდ უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებიდან გამომდინარე შეიტყო, რომ გამოძიება საქმეზე მიმდინარეობდა მხოლოდ ყველაზე მსუბუქი კვალიფიკაციით – მუქარით (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც მაქსიმალურ სასჯელად 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). ამასთან, ზემოხსენებული ოთხი მუხლიდან სამი მუხლის შემთხვევაში (სსკ-ის 156(1), 2592(1) და 151(1) მუხლები) განსაზღვრული ორ წლიანი ხანდაზმულობის ვადა უკვე გავიდა. შესაბამისად, ამ მუხლების საფუძველზე ვეღარ მოხერხდება პირების მსჯავრდება.
ვინაიდან „საიას“ ოფისის შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, კანონმდებლობის თანახმად, ორგანიზაციას არ აქვს უფლება, რომ გაასუფთავოს და წაშალოს ეს წარწერები ოფისის ფასადიდან. აღნიშნული წარწერების მოშორების უფლებამოსილება მხოლოდ თბილისის მერიას აქვს. შესაბამისად, „საიამ“ ასევე ხუთჯერ მიმართა თბილისის მერიასაც, რათა მათ მომხდარ ფაქტებზე ჰქონოდათ სამართლებრივი რეაგირება, მოეშორებინათ ეს წარწერები, ან მიეცათ ორგანიზაციისთვის ნებართვა, რომ თავად გაესუფთავებინა ფასადი.
„საია“ წერს, რომ ორგანიზაციამ თითქმის ორი წლის შემდეგ მიიღო პირველი პასუხი შპს „თბილსერვის ჯგუფისგან” (რომელიც დაფუძნებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ და მისი წილი კომპანიის კაპიტალში 100% შეადგენს), რომ ისინი ვერ მოახერხებდნენ წარწერების წაშლას, რადგანაც შენობა არის ძველი და მათ მიერ გამოყენებული აპარატურა უფრო დააზიანებდა კედლებს. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ სახალხო დამცველთან წარმოებული კომუნიკაციის საფუძველზე მოიპოვა ორგანიზაციამ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია საიას ოფისზე თავდასხმების საქმეზე აწარმოებდა გამოძიებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150²(5) მუხლის საფუძველზე (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება). ხაზგასასმელია, რომ ამ მუხლის საფუძველზე პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ვადაც გავიდა, ვინაიდან აღნიშნული ნორმის შემთხვევაში განსაზღვრულია 3 თვიანი ხანდაზმულობის ვადა.
„სახელმწიფოს მხრიდან ზემოაღნიშნული კონვენციური პოზიტიური ვალდებულებების დარღვევის გამო, საია სტრასბურგის სასამართლოში დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი უფლებების დარღვევაზე: საკუთრების უფლება (კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); გაერთიანების თავისუფლების (კონვენციის მე-11 მუხლი) და დისკრიმინაციის აკრძალვა (კონვენციის მე-14 მუხლი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლისა და კონვენციის მე-11 მუხლთან ერთობლიობაში).
საჩივარში „საია“ აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის ოფისზე მტრული და შეურაცხმყოფელი წარწერების დატოვება, სახელმწიფოს უმოქმედობა და ამ ყველაფრის საჯარო მხარდაჭერა მმართველი პარტიის წარმომადგენლის მხრიდან ლახავს გაერთიანების თავისუფლებას. „საია“ დავობს, რომ აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავს „საიას“ თანამშრომლების, მხარდამჭერებისა და ბენეფიციარების დაშინებას, ორგანიზაციის მუშაობის პარალიზებასა და საზოგადოებრივი ნდობის შერყევას.
ამასთანავე, საჩივარში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შერჩევითი მართლმსაჯულების საკითხს. მაშინ, როდესაც „საიას“ ოფისის დარბევასა და დევნაზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა და საბოლოოდ ხანდაზმულობის ვადა გავიდა ოთხიდან სამ რელევანტურ მუხლზე, სახელმწიფო უპრეცედენტო სისწრაფითა და სიმკაცრით რეაგირებდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ მმართველი პარტიის პლაკატების დაზიანებაზე. მაგალითად, აქტივისტ მეგი დიასამიძისა და პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, თბილისის მერის საარჩევნო ბანერებზე პროტესტის ნიშნად გაკეთებული წარწერების გამო, გამოძიებები სსკ-ის 187-ე მუხლის საფუძველზე დაუყოვნებლად დაიწყო და ელენე ხოშტარიას კი სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ფაქტები აშკარად ადასტურებს, რომ სახელმწიფოს რეაგირება პოლიტიკურად მიკერძოებული და დისკრიმინაციულია, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას“, – წერს ორგანიზაცია.
„საია“ აცხადებს, რომ მოცემული საქმის ევროპულ სასამართლოში წარმოებით „საია“ მიზნად ისახავს დაიცვას საკუთარი, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის უფლებები, ვინაიდან „უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობის წინააღმდეგ ამგვარი ტიპის დევნის კამპანიის წარმოება და სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მისი მხარდაჭერა ქვეყანაში სხვათა უფლებების დაცულობასაც უქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს“.