სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება - კუჭავა „ღირსების მარშზე“

პუბლიკა

„სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ამაზე, მე მგონი, კითხვის ნიშანი არ დგება“, – განაცხადა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, Tbilisi Pride-ის მიერ ორგანიზებულ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით.

კუჭავამ დღევანდელ განცხადებაში ისიც აღნიშნა, რომ „ამ ქვეყანაში თავისუფალი გამოხატვის უფლება ყოველთვის იყო დაცული“:

„მე იმედი მაქვს, რომ არ ექნებათ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს გასაწევი ის სამუშაო, რომელიც სალაპარაკო გახდება ალბათ ყველას მხრიდან, რომ სადმე ადგილი ჰქონდა ძალადობას. ვერასოდეს ვერ იქნება მოწონებული ძალადობა ან წახალისება ძალადობისკენ ან თუნდაც პროვოკაციული ქმედებები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს არიდებული ყველა სახის ძალადობა“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.


Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. „ღირსების მარშის“ სლოგანი იქნება – „გამოდი სოლიდარობისთვის“.