საკომიტეტო მოსმენის ფორმატი რეზულტატზე გათვლილი არაა - გოლეთიანი

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი პასუხობს ფრაქცია „ლელოს“ ინიციატივას, რომ ნამახვანჰესის შესახებ პარლამენტში უნდა გაიმართოს საკომიტეტო განხილვები.

გოლეთიანის თქმით, საკომიტეტო განხილვებში ნამახვანჰესის საკითხზე მათ არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მათ ხელისუფლებას შესთავაზეს  საგნობრივი განხილვა და დიალოგი, ხელისუფლებამ ის ჩაშალა. როგორც ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციის ეგიდით შედგება თუ არა პარლამენტში განხილვა, რადგან ოპოზიცია ეთანხმება ხელისუფლების მოსაზრებებს ნამახვანჰესთან მიმართებით და მათ საერთო ინტერესები აქვთ.

„ჩვენ საკომიტეტო განხილვებში არაერთხელ მივიღეთ მონაწილეობა. არავითარი რეზულტატი ამას არ მოჰყოლია. ზოგადად, ფორმატია ისეთი, რომ არ არის რეზულტატზე გათვლილი. განხილვა ვერ დგება. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვთავაზობდით ხელისუფლებას მუდმივად ამ საგნობრივ განხილვებსა და დიალოგს, თვითონ ჩაშალეს ეს შესაძლებლობა. ახლა იმის ძახილი, რომ სადღაც მივიდეთ საკომიტეტო განხილვაზე, რომელიც არაფრისმომცემია და არ ახდენს გავლენას… იმავე წრეზე ვეღარ შევყვებით, რაზეც უკვე ვიყავით არაერთხელ.

ჩვენ ვხედავთ, რომ არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციური სპექტრიც ერთ ხაზზეა გამწკრივებული ამ ნაწილში. ჩვენთან დაპირისპირების ნაწილში აბსოლუტური ერთსულოვნებაა, ამიტომ ვერ ვამჩნევთ იმას, რომ ოპოზიცია აქ თავის მოვალეობას ასრულებს.

არასოდეს ოპოზიცია ამ პროცესებში არ ჩართულა, არ გარკვეულა საკითხებში თავად. მუდმივად ზედაპირზე არიან. საკითხში ვერ ერკვევიან. ისინი მხოლოდ იზიარებენ, რომ ჰესი უნდა აშენდეს, ამაზე არც ჩვენ ვართ წინააღმდეგნი… ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბუნებაში ჰესი არ უნდა აშენდეს. ზოგად ნარატივს ავითარებენ ისინი, როგორც ამას აკეთებს ხელისუფლება. ამ ნაწილში აქვთ აბსოლუტურად საერთო ინტერესი“, – განაცხადა გოლეთიანმა.


ფრაქცია „ლელო“ დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტებს მოუწოდებს, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენა გაიმართოს, რომელსაც ეკონომიკის, იუსტიციისა და გარემოს დაცვის მინისტრები დაესწრებიან.

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ნამახვანჰესი უნდა აშენდეს და ამ საკითხზე დისკუსია უნდა შეწყდეს. თუმცა ის აღნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობა მაღალი სტანდარტითა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა მოხდეს, სადაც დაცული იქნება სახელმწიფო ინტერესები და ინვესტორთან დაიდება სამართლიანი ხელშეკრულება.

ნამხვანჰესის საკითხზე პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავასა და გარემოს დაცვის მინისტრს, ლევან დავითაშვილის მოსმენა მარტში გაიმართა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მინისტრების გამოსვლას ესწრებოდნენ ნამხვანჰესის მოწინააღმდეგეები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

შეგახენებთ, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:

  1. გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
  4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ კონკრეტულ დოკუმენტებს პროექტთან დაკავშირებით;
  5. გამოცხადდეს მორატორიუმი ქვეყანაში დაგეგმილ ენერგოპროექტებზე და დიალოგის პროცესში განისაზღვროს ქვეყნის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხები.