საკონსტიტუციო ცვლილებების II მოსმენით კენჭისყრაში ოპოზიციის ნაწილი არ მონაწილეობს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ და კენჭს უყრიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც ახალ საარჩევნო სისტემას უზრუნველყოფს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი 21 ივნისს დაუჭირა. გაცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, კენჭისყრაში მონაწილეობდნენ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრები.

ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გაცნობისას, დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ ფრაქცია მხოლოდ პირველ მოსმენაში მიიღებდა მონაწილეობას, მეორე და მესამე მოსმენის დროს კი ენმ და „ევროპული საქართველო“ ბოიკოტს აგრძელებს. მათი მოთხოვნა გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლებაა.

„ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მასში, როდესაც გიორგი რურუა გათავისუფლდება. კონსტიტუციის მიღება ყველა პარტიის მხარდაჭერით, საერთო-სახალხო კონსესუსით, იქნებოდა სხვა პოლიტიკური დატვირთვის მქონე.

გაათავისუფლებს რურუას. დღეს იქნება თუ ხვალ, ამას ჩვენ ვნახავთ, ვინაიდან, ივანიშვილს არ აქვს რესურსი კონსტიტუციის ჩაგდების. ახლა ამაყობენ 3-ით მეტი ვართო.  3-ით კი არა, კორონავირუსი რომ დაემართოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ივანიშვილი კოსმონავტის სკაფანდრებს იშოვის, შემოიყვანს და დააჭერინებს პულტზე ხელს”, – აცხადებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

„შეთანხმების მეორე ნაწილი არ შესრულებულა და გიორგი რურუა რჩება ციხეში. ჩვენ არ შევალთ და მეორე მოსმენას მხარს არ დავუჭერთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გაიმეორებს სცენარს, რომელიც იყო ნოემბერში, მაშინ ის სრულად იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამჯერადაც ჩაიშლება შეანხმება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენაზე საფრთხე არ ემუქრება, ხოლო თუკი ვინმე პირველი კენჭისყრის მერე შეიცვლის პოზიციას, ვოლსკის თქმით, ის გარიგებაში შევა „ნაცმოძრაობასა და მის ქვედანაყოფებთან”.

„სულ არ ენაღვლებათ, მგონი, რურუა. აქ არის თემა, რომ ჩვენ, თურმე, გვაქვს რესურსი, რომ გავათავისუფლოთ. რომ მთავრობას შეუძლია, უკარნახოს ან პარტიამ – სასამართლოს და, აქედან გამომდინარე, გააკეთოს აღიარებითი ჩვენება, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ იჯდება და ვინ გამოვა.

იყო თემა, როდესაც წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ ჩაეჯინათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვოლსკიმ.


პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით, 136 მომხრითა და 5 წინააღმდეგით მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს: ბიძიმა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ემზარ კვიციანმა, კახა ოქრიაშვილმა და დავით ჭიჭინაძემ. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა ნატო ჩხეიძემ. პირველი მოსმენით განხილვას არ ესწრებოდნენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.

ახალი ცვლილებებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.