სამი მოდელი, რომელსაც NCDC ვაქცინაციის გაფართოებისთვის საკოორდინაციო საბჭოს სთავაზობს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს რამდენიმე წინადადება შესთავაზა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებისთვის.

„ჩვენი წინადადება, რომელსაც იხილავს საბჭო სამ ასეთ მიდგომას გულისხმობს:

პირველი, სამი რეგიონი, სადაც ჩვენ უკვე ახლოს მივდივართ 60%-იან, ანუ ჩვენს წლევანდელ სამიზნე მოცვასთან – ეს არის თბილისი, სადაც  მოზრდილი მოსახლეობის 50% აცრილია. აჭარის რეგიონი, სადაც ასევე 45%-ზე მეტია აცრილი და რაჭა-ლეჩხუმი – ქვემო სვანეთის შედარებით პატარა  რეგიონი, სადაც ასევე 45%-ის ფარგლებშია აცრა. გვინდა, რომ ყველაფერი გაკეთდეს ამ სამ რეგიონში. იქნება სერიოზული სტიმული იმისთვის, რომ ამ სამ რეგიონში, რაც შეიძლება, სწრაფად გავიდეთ 60%-იან მოცვაზე. მოგეხსენებათ, თბილისში ამისათვის გვჭირდება დამატებით სადღაც 80 000 ადამიანის აცრა, აჭარაში დაახლოებით – 40-45 ათასის, რაჭა-ლეჩხუმში დაახლოებით 3 000-ს.

მეორე  – ასეთივე სამოდელო შეთავაზებაა, რომ 60%-იან აცრაზე სწრაფად გავიდეთ. ამისთვის შეირჩა ორი მუნიციპალიტეტი ერთი აღმოსავლეთ საქართველოში და მეორე დასავლეთში – გურჯაანი და ოზურგეთი. აქაც ინტენსიურია აცრა.

მესამე ჩვენი შეთავაზება არის ქვეყნის 10 დიდ ქალაქში, რომელშიც ჩვენი მოსახლეობის ორ/მესამედზე მეტი ცხოვრობს – ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, ზუგდიდი, ფოთი, ოზრურგეთი. ამ ათ დიდ ქალაქში რომ დაიწყოს უკვე სახეცვლილი მარათონი,  ე.წ. პარასკევი-შაბათი-კვირის ინტენსიური მასობრივი აცრების აქციები, სადაც საჭირო იქნება ადამიანების მოზიდვა, კომფორტული გარემოს შექმნა. ეს შეიძლება იყოს ღია კონცერტიც, გამორჩეული ადამიანების მოწოდებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღევანდელ საკოორდინაციოს საბჭოს სხდომას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და მანაც გამოთქვა სურვილი რეგიონებში სიარულის, ვაქცინაციის ადვოკატირების მიზნით. ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ასეთი ტიპის ღინისძიებები იქნება მომდევნო 2 თვე.