სამინისტრო მთავრობას ხორბლის სუბსიდირების 3 თვით გახანგრძლივების საკითხს წარუდგენს

პუბლიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო მთავრობას ხორბლის სუბსიდირების არსებული მოდელის 3 თვით გახანგრძლივების საკითხს წარუდგენს. ამის შესახებ მთავრობის მედიასთან კომუნიკაციის სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრი ლევან დავითაშვილი პურის მწარმოებლებსა და ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა.

„პანდემიით შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხმარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. პურის მწარმოებლებთან, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებთან შეთანხმების საფუძველზე, მთავრობას წარვუდგენთ სუბსიდირების მოქმედი მოდელის კიდევ სამი თვით გახანგრძლივების საკითხს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე პურის მწარმოებლებმა განაცხადეს, რომ საქართველოში იაფი და ხარისხიანი პური იყიდება, თუმცა არსებული საფასო პოლიტიკის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნება.

მათივე ცნობით, საქართველოში 500 გრ თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური 0.34 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა ხორბლის ძირითად მწარმოებელ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა პურის ფასი 0.48 აშშ დოლარსა და 0.51 აშშ დოლარს შეადგენს, სომხეთში 0.46 აშშ დოლარი, თურქეთში კი, 0.35 აშშ დოლარია.


პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ 2020 წლის 27 ნოემბერს მიიღო. პროგრამას ვადა 31 მარტს ეწურება.

მაშინ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ „წისქვილებთან შეთანხმებით, 53 ლარი იქნება პირველი ხარისხის ფქვილის ფასი (დაახლ. 50-კილოიანი ტომარა). სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდია იქნება არაუმეტეს 10 ლარისა. მისივე თქმით, სახელმწიფოს პროგრამა დაუჯდება 2-2.5 მილიონი ლარი თვეში, მთელი პროგრამის ბიუჯეტს 10 მილიონი ლარით განსაზღვრავს“.