სამირა ბაირამოვა - ყველაფერი გაივლის, მაგრამ ეს მორალური ტკივილი - არასოდეს

პუბლიკა

საქართველოს ერთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქე, აქტივისტი სამირა ბაირამოვა წერს, რომ „ყველაფერი გაივლის, მაგრამ ეს მორალური ტკივილი – არასოდეს”.

აქტივისტი ამბობს, რომ საქართველოს დატოვებაზე ფიქრობს – ერთი „სუნიანი თათარით“ შემცირდება და ჩვენს გამო მეორეჯერ არ შემოვა ვირუსი საქართველოში”.

ის ამბობს, რომ მუდმივ დისკრიმინაციას განიცდის სკოლაში, გზაში, სამსახურში, უნივერსიტეტში მეგობრებში, საზოგადოებაში, საჯარო ტრანსპორტში,  იმის გამო, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელია.

„ზოგი ბრალს მდებს შაჰ აბასის გამო;
ზოგი აზერბაიჯანის;
ზოგი თურქეთის;
ზოგი დავიდ გარეჯის;
ზოგი ირანელების;
ზოგი არაბების;
არ ვიცი, ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ სულ, რომელთაგან არც ერთი არ მეხება, ჩემი ცხოვრების ფილოსოფია თანასწორება, სამართლიანობაა”. – წერს ბაირამოვა ფეისბუქზე.

სამირა ბაირამოვა მადლობას უხდის ყველას, ვინც მათ გვერდითაა და სოლიდარობას უცხადებს.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი მარნეულელ ქალს დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში სიძულვილის ჯგუფებმა და ქსენოფობიურად განწყობილმა ადამიანებმა ვირუსის გავრცელებაში ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების დადანაშაულება და მათ მიმართ სიძულვილის ტირაჟირება დაიწყეს.