ფული გადავიხადე და ვისწავლე ქართული ენა... და?

სამირა ბაირამოვა

პირველ ბლოგში ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის ქართული ენის სწავლების პრობლემაზე ვსაუბრობდი. რომ სკოლაში ვერ ვისწავლე, უფრო სწორად, არ მასწავლეს.

დიახ, როცა მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, ქართულის სწავლა შეუძლებელი იყო. დიდად არც ახლა შეცვლილა არაფერი. ამთავრებ სკოლას, მაგრამ ქართული ენა მაინც არ იცი. ჩამოგითვლით მიზეზებს:

არ გყავს კარგი მასწავლებელი;

სახელმძღვანელო არ პასუხობს სტანდარტებს;

სახელმწიფო ქართული ენის პოპულარიზაციით დიდად დაინტერესებული არ არის.

მე  სკოლა აზერბაიჯანულ ენაზე დავამთავრე. რატომ? ოფიციალური პასუხია – „მხარეები იღებენ ვალდებულებას, აღიარონ, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც მიეკუთვნება ეროვნულ უმცირესობას, აქვს უფლება ისწავლოს თავისი უმცირესობის ენაზე“, – „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ კანონი“ 2006 წელი.

ეს „რატომები“ დიდად არ მიყვარს. მე თუ შენზე ბევრი რამ ვიცი, შენ რატომ არაფერი იცი ჩემ შესახებ, ჩემთან დაკავშირებულ საკითხებს ყოველთვის კითხვის ნიშნები რატომ ახლავს?

მთელმა საქართველომ აზერბაიჯანლებზე მხოლოდ ერთი რამ იცის – „ისინი გოგონებს ადრეულ ასაკში ათხოვებენ“. ამის გარდა, ჩვენ შესახებ საგულისხმო არაფერი გამიგია.

ეთნიკური უმცირესობებისთვის  არსებობს პროგრამა „1+4“. სკოლის დამთავრების შემდეგ შეგიძლია ჩააბარო მშობლიურ ენაზე ერთი გამოცდით, ერთი წელი სწავლობ ქართულს და პირდაპირ ირიცხები უნივერსიტეტში.

თუ სკოლაში ქართულს წარმატებით ასწავლიან, თუ მასწავლებლები პროფესიონალები არიან, რატომ ვერ აბარებენ მოსწავლეები ჩვეულებრივ? არ ვიცი, ალბათ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიზეზები უკეთ იცის.

„ყველაზე წარმატებული მასწავლებელი მარნეულიდან“, „ეტალონის წარმატებული მოსწავლეები ქვემო ქართლიდან“, „ესეების გამარჯვებული მარნეულიდან“ – ამით ვერ დაამტკიცებთ, რომ ქართულ ენას ასწავლით, შედეგი არ არის  და ამდენი პროექტის მონიტორინგი არც ჩატარებულა.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, როდესაც ვიხდი ფულს და ვსწავლობ სახელმწიფო ენას, ამ დროს სახელმწიფო სად არის, როგორ ზრუნავს ჩემზე?  სახელმწიფო ქმნის პროგრამას, შენ იხდი ამ პროგრამის მომსახურების საფასურს, როგორც უცხო მოქალაქე – 2250 ლარს.  ამ თანხას ჩემთვის  აზერბაიჯანის მთავრობა, ანუ „სოკარი“იხდის. იმიტომ, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ვარ. სახელმწიფოს მივაჩნივარ „საშიშად“,, რადგან სხვა ქვეყნის ფულით ვსწავლობ და შესაძლებელია  მათი მონა, ინტერესების გამტარი გავხდე.  რატომ უნდა ვიყო ორივე ქვეყნისთვის „ობიექტი“, სავაჭრო საგანი?  თუ ყოველ ნაბიჯზე სუს-მა უნდა მაკონტროლოს,  მაშინ, რა საჭიროა თავიდანვე ამ შეცდომის დაშვება? უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ  „სოკარმა“ მხოლოდ  ბენზინგასამართი სადგურებისთვის გამოიყენა დიპლომიანი ადამიანები. როგორც ჩანს, არც სოკარი, არც სახელმწიფო – განათლების ხარისხით კმაყოფილნი არ არიან.

კი, უნდა ვისწავლო ქართული ენა! ვისწავლე! რა შეიცვალა ამის შემდეგ?

ყოველ ნაბიჯზე გვეუბნებიან, რომ მთავარი ბარიერი ენაა. თუ ენას ისწავლით, სამსახური გექნებათ, მალე ინტეგრირდებით, უამრავი ზღაპარია გავრცელებული. მესმის, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, უნდა ვისწავლოთ, მაგრამ არ მომწონს, რომ  რაღაც პრივილეგიას გვთავაზობენ და ბოლოს პირობას არ ასრულებენ. არც პრივილეგია, არც ძვირფასი ეთნოსის სტატუსი არ გვინდა. გვინდა თანასწორუფლებიან, არადისკრიმინაციულ გარემოში ცხოვრება და რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

თუ ენა არის მთავარი ბარიერი, მაშინ ამ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეთნიკურ უმცირესობას ქისტებს, ბოშებს, ქურთებს ან სხვებს, რომლებმაც ენა იციან, რატომ აქვთ იგივე პრობლემები?  ჩვენი პრობლემების არსი ერთი და იგივეა. ჩვენ – „სხვებს“ ყველას ერთი და იმავე პრობლემა გვაქვს, მიუხედევად იმისა, რომ ნაწილმა ქართული ენა იცის. თუ დღეს პარლამენტში არიან დეპუტატები,  რომლებმაც არ იციან ქართული, მაშინ რა საჭიროა ენის სწავლა. როცა შენი ქვეყნის პრეზიდენტმა არ იცის ქართული, მაშინ  რატომაა ენა მხოლოდ ჩვენთვის დიდი ბარიერი?

ჩემმა მშობლებმა არ იციან ქართული ენა, ისინი უფრო ბედნიერნი არიან, ვიდრე მე, ისინი უფრო მონდომებულნი არიან, ვიდრე მე. მათ უნდათ  საქართველოში იცხოვრონ სიცოცხლის ბოლომდე, მაგრამ მე გაქცევა მინდა. მე მესმის ყველაფერი და ამ ყველაფერმა დამღალა, დამღალა „არასასურველი“ მოქალაქის წოდებამ, მომბეზრდა კატეგორიზაცია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი?

ჩვენ თუ ვისწავლით, რა შეიცვლება? ჩვენ უფრო ძვირფასი მოქალაქეები გავხდებით?  ჩვენგან ენის სწავლის ლოდინში ხართ, ვისწავლით და დამთავრდება ყველა პრობლემა?

სხვა ეთნიკური ჯგუფიდან, ვინც უკვე იცის ქართული ენა და უფლებებისთვის იბრძვის, უწოდებენ „ტერორისტებს“, არასასურველებს“, „ გაყიდულებს“… ალბათ ბევრს ამის გამო ენის სწავლა არც უნდა და ეშინია თავისი უფლებებისთვის ბრძოლის. ადვილად დათანხმდებიან ორ კილოგრამ კარტოფილზე. სუფთა სახელი უფრო ძვირფასია მისთვის, ვიდრე კარგ პირობებში ცხოვრება.

ბევრი შეკითხვა მაქვს, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკაში, ეთნიკური უმცირესობებისთვის  განხორციელებულ პროექტებში პასუხებს ვერ ვპოულობ.

ჩემი აზრით, ენის საკითხი პოლიტიკური საკითხია და მას იყენებს ყველა, ჩვენ გარდა!