სამოქალაქო აქტივისტები მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდასაჭერად ხვალ აქციას გამართავენ

პუბლიკა

ხვალ, 27 ნოემბერს, 17:00 საათზე სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან  აქციას გამართავენ. მათი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სადაც კარტოგრაფები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც კარტოგრაფები მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს, რაც ამორალობის ახალი საფეხურია ქართული ოცნების პირობებშიც კი. დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის“, – ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა საკუთარი პროპაგანდისტული კამპანიის წარმოებისთვის დააკავა.

„ყველა ჩართულია ამ ბინძურ ჯაჭვში“, – ასე ეხმაურება ამავე თემას ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წევრი, ელენე ხოშტარიაც, რომელიც ხვალინდელ აქციას უერთდება. მისი თქმით საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს ივერის და ნატალიას ადვოკატებს წერილზე იმიტომ, რომ პასუხი „ოცნებას“ არ აწყობს.

„ვერ მოისვენებთ ამ უბედურების კეთებაში“, – აღნიშნავს ხოშტარია სოციალურ ქსელით გავრცელებულ განცხადებაში.


აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 8 ოქტომბრიდან პატიმრობაში არიან. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოიყენეს ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა. კომისიის ყოფილი წევრები ცდილობენ ახსნან, რატომ თქვეს უარი წლების წინ იმ რუკის გამოყენებაზე, რომლითაც გამოძიების მტკიცებით, საქართველოს თითქოსდა 3 500 ჰექტარი მიწით მეტი ექნებოდა მეზობელ ქვეყანასთან საზღვრების შეთანხმებისას.