„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ მოითხოვს, უსწრაფესად დაისაჯონ პირები, რომლებიც, მათი თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენელს გიორგი მუმლაძეს მარნეულში თავს დაესხნენ.
„გიორგი მუმლაძე, რომელიც მარნეულის საარჩევნო ოლქში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებს, შეესწრო ფაქტს, როცა „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამ წარმომადგენელს თავს დაესხნენ. დამკვირვებელს აღნიშნული ფაქტის ტელეფონით დაფიქსირებაში ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსმა ამირან გიორგაძემ, რომელმაც ჯერ ტელეფონი ხელიდან გააგდებინა მუმლაძეს, ხოლო შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.
გიორგი მუმლაძემ უკვე მისცა ჩვენება ადგილობრივ სამართალდამცველებს, მის მიერ დასახელებული და იდენტიფიცირებულია ყველა პირი, რომლებიც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. შესაბამისად, მოვითხოვთ, უსწრაფესად დაისაჯონ ისინი და მიეცენ პასუხისგებაში”, – აღნიშნავენ ისინი.
„სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.
29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო მარნეულში. თავდაპირველად ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა საოლქო კომისიის ადმინისტრაციის წინ „ნაციონალური მოძრაობა“ აქციას მართავდა. ორივე მხარე – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ადანაშაულებს პროვოკაციებში. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.
საღამოს 10 საათისთვის მარნეულში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გივი ქველაძე. ოპოზიციის წევრები თავდასხმის ხელმძღვანელობაში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ შტაბის უფროს ამირან გიორგაძეს ადანაშაულებს.
„ქართული ოცნების“ თქმით კი, დაპირისპირება ენმ-ის პროვოცირებული იყო. პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები „ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და მათ მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გივი ქველაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.
დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ მარნეულში თავს დაესხნენ „მთავარი არხისა” და „საზოგადოებრივი მაუწყებლის” თანამშრომლებს.
შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „მთავარის” და პირველი არხის თანამშრომლებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტებზეც დაიწყო გამოძიება.
ფიზიკურ ანგარისწორებაზე საუბრობს ასევე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე.
30 სექტემბერს დილით კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, რომელიც მარნეულში სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ”. შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.