„post tv”-ის გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გასულ სიუჟეტსა და ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დასმულ კითხვას უპასუხა.
წამყვანის კითხვაზე – „ამაზე პასუხი მხოლოდ მხილებაა?”, თალაკვაძე პასუხობს, რომ დემოკრატიული კანონმდებლობა, სამწუხაროდ, არ იძლევა მსგავსი სიუჟეტების გამო მედიაგამოცემებისთვის სისხლისსამართლებრივი ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას.
„მე ვფიქრობ, როდესაც ჩვენ გვაქვს დემოკრატიული კანონმდებლობა ამ მიმართულებით, როდესაც ცოტაა ინსტრუმენტები, რომლითაც შენ შეგიძლია დასაჯო ვინმე ასეთი დარღვევებისთვის, მაგრამ, სამაგიეროდ, ამავე კანონმდებლობაში არის ინსტრუმენტები, როცა შენ შეგიძლია ამხილო და შეგიძლია ამას საზოგადოებრივი კრიტიკა დაუპირისპირო.
სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს ისეთი რეგულაციები, რომლითაც შეიძლება გარკვეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრო ასეთი უპასუხისმგებლო სიუჟეტების ავტორებს. გვაქვს რეგულაციები, სადაც შეგიძლია გარკვეული დავები სასამართლოში წარმართო, მაგრამ, საერთო ჯამში, საქართველოს აქვს დემოკრატიული, თავისუფალი სტანდარტი მედიასთან მიმართებით”, – განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სწორედ დემოკრატიისა და თავისუფლების სიკეთეებს ბოროტად იყენებენ ტელევიზიები ქართული საზოგადოების ინტერესებისთვის მტრული სიუჟეტების მოსამზადებლად.
„ეს კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის ძალიან სასარგებლო, როდესაც შენ გაქვს ჯანსაღი სპექტრი მედიასაშუალებების, როდესაც მედიასაშუალებები წესების დაცვით თამაშობენ, მაგრამ, მეორეს მხრივ, როდესაც მედია საშუალებები არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ზონდერები, ზოგჯერ დანამატები და ზოგჯერ უშუალოდ ხელები, ამ შემთხვევაში, რა საკვირველია, თავისუფლების, დემოკრატიის ნებისმიერი სიკეთე შეიძლება იყოს ბოროტად გამოყენებული და ზუსტად ეს არის, რასაც ჩვენ ვუყურებთ”, – განაცხადა თალაკვაძემ.
საუბარია ტელეკომპანია „მთავარის” ეთერში ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ გასულ სიუჟეტზე, რომელშიც, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, შესაძლებელი იყო გარკვეული პირებისთვის არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.