„მთავარმა არხმა" დაუშვა მძიმე შეცდომა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - გვარამია ბავშვთა პორნოგრაფიის სიუჟეტზე

ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ეთერით ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გასული სიუჟეტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. გვარამია აცხადებს, რომ ამ სიუჟეტის გაშვებით ტელეკომპანიამ მძიმე შეცდომა დაუშვა.

სიუჟეტის შესახებ გუშინ განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც. ქარტიამ მოუწოდა ტელეკომპანია „მთავარს“, ამოეღო აღნიშნული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე, ქარტიამ ყველა მედიასაშუალებას მოუწოდა, არ გაევრცელებინათ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეოკადრები.

„სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ”, – წერია ქარტიის განცხადებაში.