ქარტია „პოსტ ფაქტუმში“ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გასულ სიუჟეტზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით  ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე გასული სიუჟეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია „მთავარს“, ამოიღოს აღნიშნული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე, მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, არ გაავრცელონ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეოკადრები.

გთავაზობთ, ქარტიის განცხადებას სრულად

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სიუჟეტში აჩვენეს კადრები პორნოგრაფიული მასალიდან. მიუხედავად იმისა, რომ შეეცადნენ ბავშვთა სახეების დაფარვას, ვფიქრობთ, გარკვეული პირებისთვის შესაძლებელი გახდა არასრულწლოვანთა იდენტიფიცირება.

ქარტია მიიჩნევს, რომ ბავშვის დაფარვა უპირობოდ აუცილებელია, თუ მასალა რაიმე ფორმით უკავშირდება სექსუალურ ძალადობას. მედიამ განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გააშუქოს ამგვარი შემთხვევები. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბავშვის სახის დაფარვა არ არის საკმარისი, რადგან ხშირად ამოცნობა შესაძლებელია გარემოს აღწერით, ან სხვა დეტალების იდენტიფიცირებითაც, რასაც ადგილი ჰქონდა ამ შემთხვევაში.

მედიის ვალდებულებაა, თავიდან აიცილოს ბავშვის რეტრავმირება და არ გაახსენოს მას ამბავი, რომელიც ნეგატიურ ემოციებთანაა დაკავშირებული. გამონაკლის შემთხვევად მიიჩნევა რედაქციის დასაბუთება და საჯარო ინტერესი, რასაც „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

საქართველოს ჟურანალისტური ეთიკის ქარტიის მერვე პრინციპის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის.

მიგვაჩნია, რომ ტელეკომპანიამ არ გაითვალისწინა ბავშვთა საუკეთესო ინტერესი და გაავრცელა მასალა, რომელიც, ჩვენი აზრით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათ.

ქარტია მოუწოდებს ტელეკომპანია „მთავარს“, ამოიღოს აღნიშული სიუჟეტი გავრცელების ყველა შესაძლო პლატფორმიდან. ასევე მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას არ გაავრცელონ მსგავსი, ბავშვთა ინტერესების დამაზიანებელი ვიდეო კადრები.”