სამწუხაროდ, „მთავარმა არხმა“ შეუწონავი, წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა - Ipsos

პუბლიკა

კვლევითი კომპანია Ipsos „მთავარი არხისა“ და თავად კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებზე განცხადებას ავრცელებს.

კომპანია აღნიშნავს, რომ გაუგებრობა გამოიწვია „მთავარი არხის“ მიერ შეუწონავი შედეგების გამოქვეყნებამ. შეუწონავი შედეგები კი გასაჯაროებისთვის არ იყო განკუთვნილი. Ipsos აღნიშნავს, რომ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული მონაცემები ზუგდიდის შემთხვევაში იყო განსხვავებული მათთვის მიწოდებული და Ipsos-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული შედეგებისგან.

„Ipsos-ს სჯერა, რომ ეს არევა გამოიწვია „მთავრი არხის“ მხრიდან გაუგებრობამ იმის შესახებ, თუ რა იყო გამოსაქვეყნებელად გათვალისწინებული. ჩვენი მხრიდან „მთავარ არხში“ გაგზავნილი ანგარიში მოიცავდა ზუგდიდის სრულად შეწონილ და შეუწონავ შედეგებს. Ipsos-ის პრაქტიკის გათვალისწინებით, ეს გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი კლიენტისთვის სრულიად გამჭვირვალე ყოფილიყო კვლევის პროცესი. სამწუხაროდ, „მთავარმა არხმა“ შეუწონავი, წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნებისთვის არ იყო გათვალისწინებული, განსხვავებით შეწონილი შედეგებისგან, რომელიც ნამდვილი და საბოლოოა. დაბნეულობაც ამან გამოიწვია“, -აცხადებს Ipsos.


29 ოქტომბერს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ კომპანია IPSOS-მა კონტრაქტი უხეშად და არაკეთილსინდისიერად დაარღვია. მისი განცხადებით, „მთავარი არხი“ წყვეტს პარტნიორობას კომპანიასთან.

27 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარმა“ გამოაქვეყნა IPSOS-გლობალის ახალი კვლევის შედეგები. IPSOS-მა კვლევა „მთავარი არხის“ დაკვეთით დიდ ქალაქებში ჩაატარა, სადაც მოსახლეობას დაუსვა კითხვა – „მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?”. ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, კვლევის შედეგები დიდ ქალაქებში ასე გადანაწილდა. 

28 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომპანია IPSOS-ის კვლევებში, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ცდომილებაა. კომენტარი გააკეთა ასევე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ „არავითარი ნდობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს“.

მოგვიანებით პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „საზოგადოებას ამცნობენ ერთ-ერთი სკანდალის შესახებ, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა“,  მთავარი არხი და კომპანია IPSOS გაეხვა”.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კომპანია IPSOS-ის ოფიციალურ გვერდზე გამოკითხვის შედეგებში სულ სხვა მონაცემებია მითითებული და „მთავარმა არხმა“ კი სხვა მონაცემები გამოაქვეყნა. მაგალითად, „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მერობის კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა: ანზორ მელია – 54.7%, მამუკა წოწერია – 45.3%. შალვა პაპუაშვილის თქმით, თავად კომპანიის გვერდიდან ჩამოტვირთულ ფაილში კი წერია, რომ 51%-ია მამუკა წოწერიას შემთხვევაში და 49% – ანზორ მელიას შემთხვევაში.