სამწუხაროდ, საქართველოში უფრო დიდი ხნის ძიების შემთხვევებიც გვაქვს - ვოლსკი ბაჩალიაშვილზე

პუბლიკა

სამწუხაროდ, საქართველოში უფრო დიდი ხნის ძიებების შემთხვევებიც გვაქვს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს.

„მაგრამ ის, რომ ძიებას ძალისხმევა დააკლეს, არ ვიცი, უფრო მეტი რა შეიძლება ვთქვათ, ეს არის უნამუსო ტყუილი და სამწუხაროა, რომ ამ თემასაც პოლიტიკურ ჭრილში იყენებენ”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ათეულობით მკვლელობა, მათ შორის არასრულწლოვანთა შორის, დაფიქსირებულია წარსულშიც, თუმცა არავის არასდროს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება.

„სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას”, – განაცხადა მან.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ ავტომანქანა, რომელშიც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა, მწყემსმა იპოვა.

„ეს ძალიან დიდი უყურადღებობაა, მწყემსი არ უნდა პოულობდეს, იმიტომ, რომ ეს არ არის უღრანი ტყე, რომ ვერ პოულობდნენ. მით უმეტეს მათი განცხადებების მერე, რადგან აცხადებდნენ, რომ გამოყენებული იყო აეროგადაღება“, – თქვა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან.

ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დღეს გარდაცვლილი იპოვეს.

თამარ ბაჩილიაშვილს შესაბამისი უწყებები ოთხი დღე ეძებდნენ. ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით შაბათს გავიდა და კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს.