სანამ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი შერიგებაზე აზრს მოკლებული იქნება - მელია

პუბლიკა

სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრს მოკლებული – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მის კომენტარს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„ეს არის კარგად ორგანიზებული კამპანია სუსის მიერ, იმ სუსის მიერ, რომელზეც დგას მთელი სახელისუფლებო გუნდი, მაგრამ მათი მცდელობები არის ამაო, რომ მოახდინონ საპროტესტო ელექტორატის დემოტივაცია. მათ ეს არ გამოუვათ.

მნიშვნელოვანია ახლა მობილიზაცია, მნიშვნელოვანია ახლა რომ ჩვენი საპროტესტო ხმა კიდევ და კიდევ უფრო ხმამაღლა ისმოდეს. 21 დეკემბერს ყველას გელოდებით 6 საათზე რუსთაველის გამზირზე და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვეობაში, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე, რბილად რომ ვთქვათ, იქნება უბრალოდ აზრს მოკლებული“, – აცხადებს ნიკა მელია.


„სამი პრეზიდენტის“ შეხვედრის შესახებ შეკითხვას სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა. ჟურნალისტებმა პრეზიდენტს სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჰკითხეს, რას ფიქრობს ის ამ ინიციატივაზე, პრეზიდენტმა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და ჟურნალისტების მისამართით იხუმრა – „ახლავე მოგიყვებით ყველაფერს“.

„სამი პრეზიდენტის“ შეხვედრის იდეაზე თავის ერთ-ერთ ბოლო წერილში ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა. ის ფიქრობს, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება და სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს  გორის ჰოსპიტალში შესთავაზა შეხვედრის გამართვა.

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ინკლუზიური პროცესის“ დასაწყებად „სამი პრეზიდენტის შეხვედრა“ „ძალიან ადეკვატური“ იქნება. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, ეს შეხვედრა უნდა გაიმართოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტყვის, მარგველაშვილის თქმით, სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოიყვანენ.