სანქცირებული მოსამართლე: არ ვაპირებ „კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დასანქცირებული ერთ-ერთი მოსამართლე, ირაკლი შენგელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ  ტრანსფობიური და ჰომოფობიური ტექსტით გამოეხმაურა ამ ინფორმაციას, ახლა წერს, რომ აპირებს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

მისი თქმით, ამისთვის დაიწყებს აქტიურ მოქმედებებს, რათა მიმართოს აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს. ის ასევე აცხადებს, რომ არ აპირებს კორუმპირებულის იარლიყით ცხოვრებას.

„მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც ჩემი ღირსებისა და რეპუტაციის წინააღმდეგ არის მიმართული.

არ ვაპირებ ,,კორუმპირებულის“ იარლიყთან შეგუებას. ჩემთვის აშშ-ის ვიზა არ არის მთავარი, შესაძლოა საერთოდაც აღარასდროს გავემგზავრო იქ; არამედ – მთავარია ღირსებისა და იმ საქმიანი რეპუტაციის დაცვა, რაც გამაჩნია, მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად და კვალიფიციურად შესრულების შედეგად.

ვინაიდან ჩემი სარჩელის ადრესატი არის აშშ-ის სასამართლო, სარჩელი მას წარედგინება გარკვეულ დროში, მას შემდეგ, რაც გადავწყვეტ მისი წარდგენისათვის აუცილებელ ორგანიზაციულ საკითხებს. დარწმუნებული ვარ, სიმართლე არ დაიკარგება და სრულად აღვიდგენ ჩემს დარღვეულ უფლებებს“, – წერს ის.


5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველ  მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა.