საპატრიარქო „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებისთვის სპეციალურ წესს ამზადებს

პუბლიკა

წინა კვირის სამშაბათს ავტოავარიაში დაიღუპა სამტრედიის რაიონში მცხოვრები, „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური, 24 წლის შაკო ბარამიძე. ოჯახს  დაღუპულის მართლმადიდებლური წესით დაკრძალვა სურდა, თუმცა ადგილობრივმა სასულიერო პირებმა და საპატრიარქომ მათ უარი უთხრეს.

შაკო ბარამიძე წესის აგების გარეშე დაკრძალეს. საპატრიარქოს წარმომადგენელი მიქაელ ბრეგვაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ სინოდთან შეუთანხმებლად წესის აგება ვერ მოხეხდებოდა, რადგან ეს ეკლესიური წესის დარღვევა იქნებოდა. იღუმენი  მიქაელ ბრეგვაძე საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელია.

„ფიზიკურად ვერ მოხდებოდა. მაშინ უნდა დარღვეულიყო ყველა საეკლესიო წესი. მღვდელმთავარმა უფლება უნდა გასცეს, რომ სხვა ეკლესიის მღვდელმთავარს წესი აუგოს. ეს ეკლესიისთვის კატასტროფაა.“ – ამბობს მიქაელ ბრეგვაძე.

მისივე თქმით, „ბიბლიური თავისუფლების“ წევრების მიმართ მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულების საკითხზე გადაწყვეტილებისთვის უკვე ერთი წელია, საეკლესიო კანონმდებლობით მომზადებულია საქმე, რომელიც უნდა განხილულიყო შარშან, სინოდის სხდომაზე. შემდეგ იგეგმებოდა ამ საკითხზე მსჯელობა ბოლო სხდომაზე, თუმცა მეუფე პეტრე ცაავასთან დაკავშირებული მოვლენების გამო, საკითხის განხილვა გადაიდო.

შეკითხვაზე, რაზე უნდა იმსჯელოს სინოდმა და რა უნდა გადაწყვიტოს, მიქაელ ბრეგვაძემ გვიპასუხა – „განმარტება უნდა გაკეთდეს ვითარებაზე, რამდენად საშიშია ეკლესიისთვის, რამდენად მიღებადია და თითოეულ წევრს როგორ უნდა მოექცეს.  თუ შეინანებს, როგორ უნდა დაიბრუნოს, თუ გაუცნობიერებლად არის მოხვედრილი, რამდენად მძიმე უნდა იყოს სასჯელი და ასე შემდეგ“.

„ეს საკითხი ჩვენ ამ სინოდზე უნდა გაგვეტანა. მოვამზადეთ დოკუმენტი და წინა სინოდზე (შარშან) გადაიდო, უნდა გაგვეტანა ახლა და ამ სინოდზე განვითარებული მოვლენების გამო, ვერ მოხერხდა ამ საკითხის განხილვა. ახლა აღარაფერი მოესწრება, გამორიცხულია. საეკლესიო კანონმდებლობით არის ეს საკითხი მომზადებული და უნდა გასულიყო სინოდზე. სანამ ეს საკითხი სრულად არ განირჩევა, შეუძლებელია, ჩვენ ვინმეს წესი ავუგოთ.“ – ამბობს მამა მიქაელ ბრეგვაძე.

მისივე თქმით, ამ საქმეზე რამდენიმე სპეციალისტთან ერთად მუშაობდა.

„ეს საკითხი დიდი ხანია, დღის წესრიგშია. ერთი წლის წინ მოვამზადეთ რამდენიმე სპეციალისტთან ერთად დოკუმენტი. მასალები მოვიძიეთ საეკლესიო წესრიგისა და კანონის მიხედვით. ისე მოხდა, რომ წინა სინოდმა ვერ განიხილა, ამ სინოდზე კი ფიზიკურად ვერ მოესწრო.

შარშანდელ სინოდზე სხვადასხვა მიზეზის გამო გადადეს. გავიგეთ, რომ  რომელიღაც სასულიერო პირს თვითონ უკურთხებია სულიერი შვილი, წადი, ჩაეწერე, ფორმალურია ეგ და არაფერს ნიშნავსო. როგორ არ ნიშნავს?! საზოგადოება, სახელმწიფო აღიარებს ცალკე რელიგიურ მიმდინარეობად და თანაც ეკლესიასაც აქვს ალტერნატიული სამსახური და როცა მართლმადიდებელი მოდის, არ უნდა წასვლა ჯარში და ეკლესიას ალტერნატიულ სამსახურს უარს ეუბნება, მიდის და სხვა რელიგიაში წევრიანდება, თანაც საუბარია რაღაც ორდინაციაზე, იქ დამთავრებულია ყველაფერი.“ – ამბობს მიქაელ ბრეგვაძე.

მისი თქმით, ეკლესიაც სთავაზობს ალტერნატიულ სამსახურს ჯარში არწასვლის მსურველებს. მათ შეუძლიათ, იმსახურონ რომელიმე ტაძრისთვის.

მიქაელ ბრეგვაძის თქმით, „ბიბლიური თავისუფლება“ რელიგიური ორგანიზაციაა და მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ.

„ბიბლიური თავისუფლება“ პროტესტანტული მიმდინარეობის ეგიდით და მისი მხარდაჭერით შეიქმნა. ამათ გვერდზეა სხვადასხვა პროტესტანტული გაერთიანება. ეს მხოლოდ ერთი ორგანიზაცია არაა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. ეს არის ორგანიზაცია „გირჩი“, რომელშიც მოდულად შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია. ეს მარტო პოლიტიკური პარტია არაა. პოლიტიკური პარტია რომ იყოს, ამას სახელმწიფო ვერ მიიღებდა. სახელმწიფოში რელიგიური უფლებები პოლიტიკაში შეზღუდულია. ის ცალკე დგას და წმინდად რელიგიური ორგანიზაციაა. ვიღაცას გარედან ჰგონია, რომ პოლიტიკურია. არის ასეთი პროტესტანტული ეკლესიები, რომლებიც სთავაზობენ ყველა დენომინაციებს, რომ შეუძლიათ, მათი ორგანიზაციის წევრები გახდნენ, მაგრამ მისდიონ თავიანთ აღმსარებლობას“. – ამბობს მამა მიქაელ ბრეგვაძე.

ავარიაში დაღუპული 24 წლის ბიჭისთვის წესის აგებაზე ეკლესიის უარის შესახებ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ერთ-ერთმა სასულიერო პირმა გამოაქვეყნა განმარტება, რომლის თანახმად, რამდენადაც გირჩის „ეკლესია“ არ არის რელიგიური მოძღვრების გამავრცელებელი ორგანო, არამედ პოლიტიკური, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომატური განკვეთა არ მუშაობს – „„გირჩს“ მიმართავენ ახალგაზრდები არა რელიგიური მოტივებით, არამედ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში არსებული ლაფსუსით სარგებლობისთვის“. – ამბობს მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე.