საქალაქო სასამართლო „რუსთავი 2-ის“ საქმის არსებით განხილვას იწყებს.
„რუსთავი 2-ის“ თანადამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ სამაუწყებლო კომპანიის წილის დასაბრუნებლად სარჩელი სასამართლოში 2019 წლის ოქტომბერში შეიტანეს.
„ორი მოწმე გვყავს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ მომსწრე 2004 წელში მიმდინარე პროცესების რაღაცა მომენტების. აქედან შეუძლიათ დადასტურება იმისი, როგორი დაძალება და ძალდატანება ხდებოდა ამ ტელევიზიის გადაფორმების დროს.
ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო და არა ქიბარით. დაიწყო იმითი, რომ ჩვენს დამფუძნებლებს წაგვართვეს ეს ტელევიზია, ეს მოხდა რამდენიმე წლით ადრე ვიდრე ქიბართან დაკავშირებით ჩვენ წაგვართვეს 60%. ჩვენ, რა თქმა უნდა, ქიბართან კომპრომისზე თანახმა ვიყავით, მაგრამ 40% კომპრომისი არ არის, 40% ნიშნავს იმას, რომ თქვენ სიმბოლურად გაძლევთ რაღაცას და მართვა და გადაწყვეტილების მიღება აქეთა მხარეს იქნება, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელი იყო“, – უთხრა ჟურნალისტებს ტელეკომპანიის დამფუძნებელმა დავით დვალმა.
„ყველა მოწმე, რომლებიც პროკურატურამ დაჰკითხა ჰყვება იმ ამბავს, თუ როგორ მოხდა ჩვენთვის „რუსთავი 2-ის“ იძულების წესით ჩამორთმევა. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ ის, რაც ჩვენ იძულებით ჩამოგვართვეს, დღეს, ამდენი წლის შემდეგ, კეთილი ინებონ და დაგვიბრუნონ სასამართლოს ძალით, ყველაფერი მარტივია და იმედია მოსამართლე, თუ ის გარკვეული ზეწოლის ქვეშ არ იქნება, სავარაუდოდ, ადვილად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ტელეკომპანიის დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე.
მიმდინარე წლის 2 ივლისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” (TI) „რუსთავი 2-ის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. საუბარია საქმეზე, სადაც „რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ტელეკომპანიის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე დავობენ.
„თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის, სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს, მათსა და პაატა კარსანიძეს შორის 2004 წლის 16 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც იძულებით დადებული საცილო გარიგებების ბათილად ცნობა, ასევე შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2- ის” პარტნიორის ქიბარ ხალვაშის 60%-ის წილის რეგისტრაციის გაუქმება საჯარო რეესტრში, ამის ნაცვლად კი მოსარჩელეების მესაკუთრედ რეგისტრირება, თითოეულზე 30%-ის წილის ოდენობით“.