ხელისუფლებამ გაიხსენოს რითი დასრულდა სანაიას მკვლელობა, ყველა ხელისუფლება ასე დაამთავრებს - დვალი

პუბლიკა

პარლამენტის წინ მედიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც 11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას მოჰყვა, სიტყვით გამოვიდნენ „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

დავით დვალმა ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობა გაიხსენა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 20 წლის შემდეგაც, თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, გარდაცვლილი ადამიანის დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო.

„კარგად დაიმახსოვროს ამ ხელისუფლებამ, კარგად გაიხსენოს ის ამბავი. უნიჭიერესი, უჭკვიანესი, უწესიერესი ადამიანის, ჩვენი ვახო სანაიას ძმის, გიორგი სანაიას მკვლელობა რითი დაამთავრა ხელისუფლებამ. ყველა ხელისუფლება ეგრე დაამთავრებს, რომელიც ხელს აიღებს მედიაზე“, – განაცხადა დავით დვალმა.

ჯარჯი აქიმიძის თქმით, რომელმაც მისი და დავით დვალის საერთო მიმართვა წაიკითხა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა ხელისუფლებამ სცადა მედიის დამოუკიდებლობის შელახვა და თავისი კეთილდღეობის და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოყენება. თუმცა, აქიმიძის თქმით, ისევ მედიამ შეძლო ამ ხელისუფლებების პირობებში საქართველოსთვის პერსპექტივის შენარჩუნება.


11 ივლისს „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რისი შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.