ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად გამოაქვეყნა გაფართოების 122-გვერდიანი ანგარიში, რომელიც სხვადასხვა სფეროში გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებს მიმოიხილავს. დოკუმენტში ყურადღება ეთმობა 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს.
ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილში ევროკომისია გამოყოფს ოთხ კონკრეტულ ნაბიჯს, რომელიც საქართველომ მომავალ წელს უნდა შეასრულოს. მათ შორის არის 2021 წლის 5 ივლისსა და 2023 წლის 8 ივლისს განხორციელებული ძალადობის ორგანიზატორთა დასჯა.
„საქართველომ მომავალ წელს უნდა გამოიძიოს და დასაჯოს 2021 წლის 5 ივლისს და 2023 წლის 8 ივლისს Tbilisi Pride-ზე მომხდარ ძალადობის ორგანიზატორები“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
2021 წლის 5 ივლისის მოვლენები ნახსენებია დოკუმენტის გამოხატვის თავისუფლების ნაწილშიც. მომავალ წელს შესასრულებელ სამ კონკრეტულ ნაბიჯს შორის ერთ-ერთია:
„საქართველომ მომავალ წელს უნდა უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, ასევე სწრაფი, მიუკერძოებელი და სათანადო სამართლებრივი მონიტორინგი ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაშინების შემთხვევებზე, მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე ძალადობის წამქეზებელთა მიმართ“, – წერია ანგარიშში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020-2022 წლებში, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ მიიღო 16 შეტყობინება ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ. შედარებისთვის, წინა 3 წლის განმავლობაში ორგანიზაციაში არცერთი შეტყობინება არ შესულა. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საქართველოს უსაფრთხოების მაჩვენებელი 100-დან 135-მდე გაუარესდა 2023 წლის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ინდექსში და ქვეყანა 77-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოძიება გრძელდება, მაგრამ ორგანიზატორები კვლავ თავისუფალი არიან.
„2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორები კვლავ დაუსჯელნი არიან. დაზარალებულად აღიარებულია 60 ფიზიკური პირი (მათ შორის 48 ჟურნალისტი და ერთი ოპერატორი) და ერთი იურიდიული პირი – „თბილისი პრაიდი“. პროკურატურამ ძალადობაში მონაწილეობისთვის 31 პირს ბრალი წარუდგინა; 14 ბრალდებულის საქმის წარმოება დასრულდა. რაც შეეხება ძალადობის ორგანიზატორებს, გამოძიება ოფიციალურად ამ დრომდე გრძელდება. საანგარიშო პერიოდში არანაირი სისხლისსამართლებრივი დევნა არ მომხდარა. საქართველო სასწრაფოდ უნდა დააკვირდეს ამ შემთხვევებს, პასუხისგებაში მისცეს ძალადობის მონაწილეები და წამქეზებლები“.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულის ჩადენისკენ მოუწოდებდნენ, აქეზებენ ძალადობისკენ და 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივ ჯგუფებში გაწევრების გზებსაც სთავაზობდნენ.
5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს თავს ათობით ჟურნალისტს დაესხნენ. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.