საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, საქართველოში არიან - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს 6 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, უნგრული ბორტით დაბრუნდნენ საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების გადმოყვანა უნგრულ მხარესთან ქართული მხარის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს აეროპორტში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

„საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ვითარება არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დროულად დაბრუნება.

ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, დამატებითი ავიარეისების ორგანიზებისთვის, რომლის საშუალებითაც, უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პრესსამსახურის ცნობითვე, საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ქაბულში იმყოფებოდა საქართველოს 23 მოქალაქე და მათ ავღანეთის დედაქალაქის დატოვება სურდათ.

 


15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთის დედაქალაქი, ქაბული აიღეს. ქვეყანის დატოვება მოუწიათ ავღანეთის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს.  ქვეყანას ტოვებენ როგორც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულები, ასევე, რიგითი მოქალაქეებიც. ქაბულის ქუჩებსა და აეროპორტში ბოლო რამდენიმე დღეა, ქაოსური სიტუციაა. ვრცელდება მძიმე კადრები, როგორ ეკიდებიან თვითმფრინავებს გარედან მოქალაქეები, რომლებმაც ბორტზე ასვლა ვერ მოახერხეს.