საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს - ოლსონი

პუბლიკა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის თქმით, მათ აწუხებთ, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა გარკვეულ დემოკრატიულ პროცესებს, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით.

„ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერას და როგორც ახლო პარტნიორებს, გვსურს საქართველოს დავეხმაროთ იმ სასამართლო და საარჩევნო რეფორმების განხორციელებაში, რომლებზეც თავად გადაწყვიტეს, რომ ისინი ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ დემოკრატიულ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს, ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ოლსონმა.

როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, ერიკა ოლსონმა განაცხადა, რომ ნოემბერში საქართველოში ვიზიტმა მას კიდევ ერთხელ შეახსენა ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის მტკიცე მეგობრობის შესახებ, თუმცა ასევე წარმოაჩინა დემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების საჭიროება, რაშიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმები და კანონის უზენაესობა შედის.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობას და საჭიროების შემთხვევაში, მძიმე გზავნილებიც ექნება.

„ძალიან გვიხარია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მასპინძლობა დემოკრატიის სამიტზე, და ველოდებით დაპირებებს და მომავალი ნაბიჯების გადადგმის პირობებს, რომლებსაც საქართველო წარმოადგენს მომავალი წლისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩართულობას და როცა საჭიროა გვექნება მძიმე გზავნილები, რაც მეგობრობის მნიშვნელოვანი ნაწილია“, – თქვა ოლსონმა.

ამერიკელმა დიპლომატმა, ჟურნალ Foreign Policy-სა და „ამერიკა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მონაწილეობისას საქართველოში აშშ-ის ელჩზე კელი დეგნანზეც ისაუბრა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ თბილისში ამერიკის ძალიან ძლიერი ელჩი გვყავს, რომელიც უძღვება ჩვენს ჩართულობას მთავრობასთან“, – თქვა ოლსონმა.