საქართველოს საგარეო უწყება მედვედევის განცხადებას ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „აგვისტოს ომის 15 წლისთავზე დიმიტრი მედვედევის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას“.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.


დიმიტრი მედვედევმა რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, ის განხორციელდეს“.