საქართველოში დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა

პუბლიკა

საქართველოში დანიის ელჩმა, ანე ტოფტ სორენსენმა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ OP-ED-ში ოლიგარქი უწოდა და აღნიშნა, რომ მან თავისი ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. 

„მრავალი ქართველისთვის ევროპული გადაწყვეტილება ახლა იმედისმომცემია. მართლაც, რეფორმების პროგრესი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნელა ხდებოდა, პოლიტიკურმა კრიზისმა წლების განმავლობაში გამოიწვია ღრმა განხეთქილება და უნდობლობა მთავრობასა და ოპოზიციას შორის.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც დაარსდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც 90-იან წლებში ქონება რუსეთში დააგროვა, ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა. ოპოზიცია, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით, განუწყვეტლივ ბოიკოტს უცხადებს საპარლამენტო მუშაობას და ადანაშაულებს მთავრობას სასამართლო სისტემის პოლიტიზებაში, თავისუფალი მედიის ჩახშობასა და ოპოზიციის წევრების შევიწროებაში“. – წერს დანიის ელჩი. 

„ქართულ ოცნებაში“ თქვეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონდეს რეაგირება ელჩის განცხადებაზე და ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბაროს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა დანიელი დიპლომატის განცადების შესფასებისას თქვა, დასავლეთი საქართველოს დეპოლარიზაციისკენ მოუწოდებს, თუმცა პოლარიზაციას თავადვე ახალისებს.

„საქართველოში აკრედიტებულ ზოგიერთ დიპლომატს, ჩემი აზრით, ცოტა მცდარი წარმოდგენა აქვს საკუთარ უფლებამოსილებებზე. ისინი ცდილობენ ხოლმე შიდა პოლიტიკურ პროცესებში მათი უფლებამოსილების მიღმა ზედმეტად ჩარევას და ზედმეტი პოლიტიკური შეფასებების გაკეთებას, რაც მათი საქმე ცალსახად არ არის. დანიის ელჩის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება სწორედ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი მოგვიწოდებს შევამციროთ პოლარიზაციის ხარისხი, მოგვიწოდებს, დეზინფორმაციის გავრცელებას ვებრძოლოთ, თავად ქმნის დეზინფორმაციის საფუძველს და შემდეგ რადიკალურ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ჯგუფებს აძლევს საზრდოს იმისთვის, რომ პროცესების რადიკალიზაციისკენ გადადგან ნაბიჯები. ეს დანიის ელჩის მხრიდან არის სრულიად მიუღებელი საქციელი და ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჩემი აზრით, მას მოუწევს განმარტებების გაკეთება“. – აღნიშნავს დავითულიანი. 

2023 წლის 30 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ისევ – მესამედ დაბრუნდა. ის „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.