საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირება შემთხვევების 13%-ში აღირიცხა - ანგარიში

პუბლიკა

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების დაინფიცირების სიხშირე 5-დან 20%-მდე მერყეობს. კვლევის პერიოდში, საქართველოში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების COVID-19–ით დაინფიცირება დადასტურებული შემთხვევების 13%-ში აღირიცხა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ მომზადებულ ანგარიშში.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გვქონდა ერთი შემთხვევა საშუალო სამედიცინო რგოლის პერსონალის გარდაცვალების.

დოკუმენტში ასევე საუბარია იმ ღონიძიებებზე, რომელიც გატარდა სამედიცინო პერსონალის მობილიზების, გადამზადებისა და დაინფიცირების პრევენციისთვის.

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ინფექციის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში ტრენინგებისა და პირადი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფის გარდა, Covid 19-ისა და ცხელების კლინიკების მენეჯერებთან ერთად დანერგა პერსონალის 2 კვირიანი როტაციის სქემა.

სამედიცინო ქსელში ინფექციის გავრცელების აღკვეთის მიზნით, შეიზღუდა პერსონალის დასაქმება Covid-სა და ცხელების კლინიკების გარდა სხვა კლინიკებში, რომლებიც აგრძელებდნენ სხვა სტანდარტული სერვისების მიწოდებას.

Covid 19-ის პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში შეიქმნა 2 კვირიანი ცვლების დროს პერსონალის სათანადოდ დასვენების პირობები. აპრილიდან სამინისტროს მიერ დამტკიცებული ტესტირების ალგორითმის შესაბამისად, Covid 19-ის ანტისხეულებზე სწრაფი ტესტირება ჩაუტარდა Covid-ის და ცხელების კლინიკების სამედიცინო პერსონალს, ისე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ყველა თანამშრომელს. მაისიდან სამედიცინო პერსონალი ექვემდებარება რეგულარულ ტესტირებას პჯრ/RT-PCR ტესტით მაქსიმალური დიაგნოსტიკური სიზუსტის მიზნით.

საკარანტინო სივრცეებში მიმდინარე სამედიცინო მეთვალყურეობის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ მოახდინა 405 ექიმისა და ექთნის მობილიზება. ხაზგამსით უნდა აღინიშნოს სიცხიანი პაციენტების ტრიაჟის მიზნით გამოყოფილი სასტუმრო, რომელშიც სამედიცინო გუნდის მეთვალყურეობით რჩება ერთდროულად 95-მდე პაციენტი, რომლებიც მსუბუქი კლინიკური მდგომარეობის გამო, არ საჭიროებენ ჰოსპიტალურ მკურნალობას, თუმცა, ოჯახური პირობების გამო, არ აქვთ ბინაზე თვითიზოლაციის შესაძლებლობა. სასტუმროში დასაქმებული სამედიცინო გუნდი აღჭურვილია პირველი დახმარების საგნებითა და მედიკამენტებით, მათ შორის პულსოქსიმეტრებით, რაც მდგომარეობის დამძიმების სწრაფად შეფასების საშუალებას იძლევა.

სტუდენტების მობილიზების მიზნით, პირველადი ჯანდაცვის 25-მა დაწესებულებამ მოიწვია სამედიცინო ფაკულტეტის მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტები, რომლებიც ჩაერთნენ ონლაინ კონსულტაციების მოდელის მართვაში. სტუდენტების მობილიზებისა და ტრენინგის პროცესი გაგრძელდება შესაძლო მეორე ტალღისთვის მოსამზადებელ პერიოდში”, – ნათქვამია ანგარიშში.