საქართველოში კლინიკების დაფინანსების DRG მოდელი ნოემბრიდან ამოქმედდება

პუბლიკა

საქართველოში კლინიკების დაფინანსების ახალი მოდელი, DRG სისტემა პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა სამედიცინო სექტორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მისი თქმით, ახალ მოდელზე გადასვლით პაციენტისთვის არაფერი იცვლება და ამ სისტემაზე გადასვლა გულისხმობს კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.

ღუდუშაურის განმარტებით, დღემდე დაფინანსება ხდებოდა ჩარევის მიხედვით, კონკრეტულ პაციენტს იმის მიხედვით უნაზღაურდებოდა ხარჯი, თუ რა ჩარევა სჭირდებოდა მას, DRG პრინციპი გულისხმობს, რომ პაციენტი ფინანსდება დიაგნოზის მიხედვით. ღუდუშაურის თქმით, კონკრეტულ დიაგნოზზე არის განსაზღვრული კონკრეტული ტარიფი და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ სხვა.

„იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი, რომელიც არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის. პაციენტისთვის არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაში პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, საყოველთაოს პრინციპით თანაგადახდის გარდა, პაციენტისთვის დამატებით უკეთესი სერვისის თუ ექიმის ჰონორარის დაფინანსება მოეთხოვა, მას შემდეგ, რაც DRG გაეშვება, ამის მოთხოვნის უფლება კლინიკას არ ექნება. ნებისმიერ დიაგნოზზე არის განსაზღვრული ტარიფი, ამ ტარიფის თანაგადახდის მოცულობაა – 10, 20 თუ 30 პროცენტი. პაციენტს ეცოდინება განფასება, შესაბამისი პროცენტი და ამ თანხის ზევით არაფერს გადაიხდის“, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოქალაქებისთვის დამატებითი ხარჯების თავიდან არიდების გარდა, ახალი დაფინანსების მოდელის ამოქმედება მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტრორისთვისაც. ღუდუშაურის განცხადებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ტარიფების გადახვედას კლინიკები რამდენიმე თვეა, აქტიურად ითხოვენ.

„მარტიდან მოყოლებული, რაც კოვიდის შემდეგ შემცირდა მიმართვიანობა კლინიკებში და მოუწიათ დაბრუნება ძველ ტარიფებზე, სამედიცინო სექტორს გაუჭირდა და ითხოვდა ტარიფების მომატებას. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ მუშაობა „დიარჯის“ პრინციპზე. ამ პრინციპის დათვლისას ორი კომპონენტია ყველაზე მნიშნელოვანი – საბაზისო ტარიფი, რომელიც საშუალო ჩარევის ღირებულებაა და რომლის დასათვლელად ჩვენ 2019 წლის მონაცემები ავიღეთ და დავუმატეთ ამ პერიოდის ინფლაცია, რათა სამართლიანი ყოფილიყო. რაც შეეხება კონკრეტული დიაგნოზის კოეფიციენტებს, ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო პრაქტიკა, ლატვიური მაგალითი, რათა კონკრეტული ჩარევის დიაგნოზთან დაკავშირებული ტარიფი გამოგვეყვანა. ვფიქრობთ, სამართლიანია და ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც კლინიკები ასახელებდნენ, რომ სხვადასხვა კლინიკას სხვადასხვა ტარიფი ჰქონდა. ეს საკითხი არის მოგვარებული“, – თქვა მან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ტარიფები არის სამართლიანი და არის ის ტარიფები, რომლის ფარგლებშიც კლინიკებს შეუძლიათ, ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ საქართველოს მოსახლეობას.

„შესაბამისად, იმ კლინიკებთან დაკავშირებით, რომლებიც დამატებით მოთხოვნებს წაუყენებენ პაციენტებს, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად მკაცრი და მაქსიმალურ მონიტორინგს განახორციელებს, რათა დამატებითი თანაგადახდა პაციენტებს აღარ მოუწიოთ“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

  • გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
  • ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
  • გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
  • მშობიარობა / საკეისრო კვეთა
  • ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
  • კომბუსტიოლოგია
  • თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
  • სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება