სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებენ

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს შეხვდა.

ზურაბიშვილმა შეხვედრის შესახებ X-ზე დაწერა და თქვა, რომ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ ისაუბრა.

„პროდუქტიული საუბარი მქონდა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან საქართველოში მიმდინარე უწყვეტი აქციების შესახებ. ვისაუბრეთ დამატებით ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე. ხაზი გავუსვი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თავისუფალი მედიის მხარდაჭერის აუცილებლობას“, — თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთან შეხვედრაზეც.

მისი თქმით, ლატვიის პრეზიდენტთან ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ურყევ ნებაზე ისაუბრა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფება გიორგი გახარიაც, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან ერთად შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეტს.

გიორგი გახარია ასევე შეხვდა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის თქმით, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა. ასევე, მადლობა გადაუხადა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც მისი პრინციპული პოზიციისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ არ აღიარებაზე.

გახარია შეხვდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, კესტუტის ბუდრისსაც. მათ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილეს.

მიუნხეში ასევე იმყოფება რესპუბლიკელი კონგრესმენი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონიც.

„მადლობელი ვარ, რომ შევხვდი ჩემს კარგ მეგობარს, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილს! არალეგიტიმურმა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები ოქტომბერში და ახლა საქართველოს დიქტატურად აქცევს. გვჭირდება სასწრაფო სანქციები რეჟიმისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთადერთი გზაა!“ — დაწერა უილსონმა X-ზე.

მიუნხენში ზურაბიშვილი შეხვდა ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველსაც, რომელსაც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ახალი არჩევნების აუცილებლობაზე და საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთანაც. ზურაბიშვილმა მასთან „ქართული ოცნების“ რეჟიმის მზარდ რეპრესიებზე, რუსეთის ჰიბრიდულ ტაქტიკასა და მზია ამაღლობელზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრ ლუკ ფრიდენსაც.