„საქართველოს ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 17 თებერვალს ჩაინიშნა სხდომა 11 იანვრის საპროტესტო აქციის მონაწილეების, მათ შორის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე.
„საია”-ს ცნობით, სასამართლო სხდომა ისე ჩაინიშნა, რომ ამის შესახებ არ უცნობებიათ არც მზია ამაღლობელისათვის და არც მისი ადვოკატებისათვის, რაც დარღვევაა.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ დრომდე ჩვენთვის არ გადმოუციათ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც სასამართლოში საქმის განხილვის დაწყების წინაპირობაა.
„სამართალდარღვევის პროცესის ჩანიშვნა და განხილვა მხარისათვის შეტყობინების გარეშე დაუშვებელია.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს მხოლოდ სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავების ოქმში ჩაიწერა ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი დაკავებამდე ლანძღავდა და შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, რაც სრული სიცრუეა. ამ სიცრუეს ადასტურებს მზია ამაღლობელის დაკავების ვიდეოკადრები”. – აცხადებს საია.
„ბათუმელების” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი ბათუმში, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო 11 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე დააკავეს. პლაკატზე ეწერა: „იფიცება საქართველო 15 იანვარს 15:00 საათზე”. მზიას ედავებიან ადმინისტრაციულ სამათალდარღევათა კოდექსის 173-ე მუხლის I ნაწილის დარღვევას – პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
მანამდე ამავე საბაბით და სხვა დაკავებულების შესახებ კითხვების დასმის გამო დააკავეს ჯამში 9 ადამიანი.
რამდენიმე საათში დაკავებულთაგან ოთხი: მზია ამაღლობელი, თეონა ბერიძე, ციალა ქათამიძე და ნანა შავაძე გაათავისუფლეს.
თუმცა, მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართელოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს 2 სხვა პირთან ერთად. მზია ამაღლობელი ამჯერად სისხლის სამართლის კოდექსით, კერძოდ, პოლიციელზე თავდასხმის მუხლით.
„დაზარალებული” ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძეა. როგორც პროკურატურა და მოწმე პოლიციელები ამტკიცებენ, მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელმა მას სილა გააწნა, დგებუაძეს ყური და ლოყა აუწითლდა.
მეორედ დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძის მხრიდან ღირსების შემლახავი და აგრესიული მოპყრობის შესახებ ისაუბრა.
მზია ამაღლობელი დაკავების წუთიდან შიმშილობს – უკვე 35-ე დღეა.