სასამართლომ „ანას ბაღთან“ მშენებლობა შეაჩერა

პუბლიკა

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განჩინება გამოსცა. ამის შესახებ „პუბლიკას“ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა, ადვოკატმა, მუხრან ხურწკაიამ განუცხადა.

მისი თქმით, სასამართლოში მოქალაქეები მშენებლობის ნებართვის ბათილობას მოითხოვენ, განხილვის დასრულებამდე კი – მშენებლობის შეჩერებას.

მოსამართლემ, ანა ჩხეტიამ დღეს დააკმაყოფილა მოქალაქეთა ეს მოთხოვნა და საქმის განხილვის დასრულებამდე მშენებლობა შეჩერა.

ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილებას მერიაში დღეს 2 საათზე მიიტანენ.



მოსახლეობა „ანას ბაღის” გადასარჩენად 2016 წლიდან იბრძვის. ადგილობრივი მოსახლეობა ბაღის შესანარჩუნებლად სამშენებლო კომპანიას უპირისპირდება, რომელიც სკვერის მომიჯნავედ 10-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. 

2018 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შედეგად, თბილისის მერიამ გააუქმა შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა, პარკირების საკითხის ბუნდოვანებისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების არარსებობის გამო და საკითხი დაუბრუნა არქიტექტურის სამსახურს, ხელახლა განსახილველად.

2018 წლის 25 ოქტომბერს არქიტექტურის სამსახურის მიერ კვლავ შეთანხმდა არქიტექტურული  პროექტი და ამავე წლის 11 ნოემბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა.

ამის შემდეგ მოსახლეობის პროტესტი განახლდა. 10 იანვარს მოსახლეობამ ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა გააპროტესტა. პოლიციამ აქციაზე 10 პირიც დააკავა.

თბილისის მერის თქმით, როდესაც „ანას ბაღის“ საკითხზე კითხვები გაჩნდა, მშენებლობის ნებართვა შეჩერდა და შემოწმდა მისი კანონიერება. შედეგად დადგინდა, რომ ის სწორად იყო გაცემული. მისივე თქმით, ვარკეთილში დაგეგმილ მშენებლობაზე ადგილმონაცვლეობა ვერ მოხდება, რადგან მერიას ამის რესურსი არ აქვს.