სარჯველაძე ცილისწამებაზე - „შესაძლებელია ფიქრი, როგორ დავხვეწოთ კანონმდებლობა“

პუბლიკა

პირის პატივი, ღირსება და თუნდაც საქმიანი რეპუტაცია, ყველა ის ღირებულება, რომელიც შეიძლება ცილისწამების დროს ხელყოფილი აღმოჩნდეს, არანაკლებ ღირებულია ფასეულობათა სისტემაში, რომელსაც ეფუძნება საზოგადოდ სახელმწიფოც და საკუთრივ  საზოგადოებაც, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე პლენარულ სხდომაზე კომიტეტის ანგარიშს განიხილავდა, რა დროსაც ირაკლი ქადაგიშვილმა მას შეკითხვით მიმართა:

„არა ცილი სწამო ადამიანს, არ არის ადამიანის უფლება ზოგადად? და შეიძლება, რომ ადამიანი ცილისწამებისგან რამენაირად დაცული იყოს, გარდა იმისა, რომ მე შენ დაგაბრალებ და შემდეგ თავი იმართლე? ამ კუთხით თუ შეიძლება ჩვენ რაღაცა კარგი, ევროპული, თუ მსოფლიო გამოცდილება და სტანდარტი გავითვალისწინოთ?“, – დაინტერესდა დეპუტატი.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაძლებელია მსჯელობა,  როგორ დაიხვეწოს ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობა.

„რასაკვირველია, ეს არის უფლება და საუბარიც არ შეიძლება იმაზე, რომ არ იყოს უფლება. ადამიანის ღირსება, პატივი, არანაკლებად… არ შეიძლება შედარება არცერთ სხვა უფლებასთან და თავისუფლებასთან, ამ უფლების დაკნინება,  ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ გამოსავალი უნდა იყოს ის, რაც საუკეთესოა მთელი მსოფლიოსთვის. რასაკვირველია, ამას სამართლის დოქტრინა მარტივ გადაწყვეტას უნახავს.

უნივერსალური მოდელი უფლებების რეალიზებისთვის დადგენილი რაც არის, რომ უფლების განხორციელებამ არ შეიძლება შელახოს სხვა პირის უფლება და თავისუფლება და ამ შემთხვევაში ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს დაბალანსებული ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, აქაც მოქმედებს.

აქ მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ კანონმდებლობა დაიხვეწოს ამ მიმართულებით და მუდმივად ვზრუნავდეთ, რომ რაც შეიძლება უკეთესი იყოს, არამედ მნიშვნელოვანია, სასამართლო პრაქტიკა, ცალკეული გადაწყვეტილებები, ცალკეული უფლებამოსილი პირების კონკრეტული ქმედებები ამ გონივრულ სტანდარტთან შესაბამისობაში იყოს.

პირის პატივი, ღირსება, თუნდაც საქმიანი რეპუტაცია, ყველა ის ღირებულება, რომელიც შეიძლება ცილისწამების დროს რისკის ქვეშ და ხელყოფილი აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა, არანაკლებად ღირებულია ფასეულობათა სისტემაში, რომელსაც ეფუძნება საზოგადოდ სახელმწიფოც და საკუთრივ  საზოგადოებაც.

შესაბამისად, შეიძლება ამ მიმართულებით ფიქრი იმაზე, როგორ გავხადოთ უკეთესი ჩვენი კანონმდებლობა. ამ მიმართულებით ნამდვილად არსებობს შესაძლებლობები, რომ ჩვენს კანონმდებლობაშიც არსებობდეს გარკვეული გაუმჯობესება“, – განაცხადა სარჯველაძემ.