სარჯველაძე: დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა

პუბლიკა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.

„31 ივლისს ხელშეკრულება დაიდო იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“, მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ მწარმოებელ კომპანიასთან, საქართველოს მიერ ამავე მედიკამენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. უკვე „ჯივინოსტატის“ საქართველოში გამოგზავნის დამადასტურებელი ავიაზედდებულიც იქნა მოწოდებული, რომლითაც დასტურდება, რომ მომდევნო კვირის დასაწყისში მედიკამენტი იქნება თბილისში“,- განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო კიდევ ერთ მედიკამენტთან დაკავშირებითაც პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

„დასრულდა მოლაპარაკება ყველა არსებით კომერციულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე მომზადდა და გამოცემული იქნა ყველა აუცილებელი სამართლებრივი აქტი და დადასტურდა ხელშეკრულების დადების სრული მზადყოფნა. ახლა ველოდებით კომპანიას და დარწმუნებული ვართ, უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება ხელშეკრულებას ამ მედიკამენტის შეძენის შესახებ“,- განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოში დიუშენის დაავადების მქონე 100-მდე ბავშვია, მათ მშობლები კი 2 წლის განმავლობაში მოითხოვდნენ, სახელმწიფომ შემოიტანოს და დააფინანსოს FDA-ის მიერ დამტკიცებული ოთხი ტიპის მედიკამენტი – „ჯივინოსტატი“ (სავაჭრო სახელით Duvyzat); „ვამოროლონი“ (სავაჭრო სახელით Agamree); exon-skipping თერაპიები (Exondys 51, Vyondys 53, Amondys 45) და „ელევიდისი“ (გენური თერაპია).

ელევიდისი [გენური თერაპია] – Elevidys არის ადენოვირუსზე დაფუძნებული გენური თერაპია 4 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებსაც დადასტურებული აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და ეტლის გარეშე მოძრაობენ. ეს მედიკამენტი, სავარაუდოდ, რამდენიმე ბავშვისთვის იქნება გამოსადეგი.

ეგზონების გამოტოვება – „Exon skipping“ თერაპია არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც მუშაობს დისტროფინის გენის მუტაციების „დასაკორექტირებლად“.

ჯივინოსტატი – დაავადების პროგრესირებას ამცირებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი მიღება დროზე/ადრეულად არის დაწყებული/არ არის დაგვიანებული.

ვამოროლონი – სტეროიდების უახლესი ალტერნატივა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ისეთ მძიმე გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა ზრდის შეფერხება და ძვლების დასუსტება. ოთხივეს აქვს ამერიკის წამლის მარეგულირებლის ლიცენზია, ორს ევროპული წამლის მარეგულირებლისაც.

იქამდე, სანამ სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას დათანხმდებოდა, პაციენტი ბავშვების მშობლებმა 45 ღამე გაათენეს მთავრობის ადმინისტრაციასთან.

თუმცა, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ მედიკამენტების საცდელი ეტაპები დასრულებული არ იყო, შესაბამისად, ისინი დიდ რისკს შეიცავდნენ. ირაკლი კობახიძემ დიუშენის წამლების კონტექსშტი ახსენა „ფარმაცევტული მაფიაც“.

4 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „დიუშენის დაავადების მქონე მშობლებთან შეჯერდნენ მედიკამენტებზე, რომლის შესყიდვაზე მუშაობაც დაიწყება“.