სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება უკანონოდ სცნო

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „აჭარის ტელევიზიიდან“ გადაცემა „ჰეშთეგის” წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის, გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი – მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები.

„გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პრეცედენტია და განამტკიცებს შრომითი უფლებების დაცვის, გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობას, ხაზს უსვამს ჟურნალისტის პროფესიული დამოუკიდებლობის არსებით მნიშვნელობას დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.

…აქვე, მნიშვნელოვანია, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურში აღდგენის მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან უშუალოდ ის გადაცემა (ჰეშთეგი), რომელიც მალხაზს მიჰყავდა, რამდენიმე თვის წინ დაიხურა. სასამართლომ თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ, მოსარჩელეს 5 000 ლარი მიაკუთვნა. სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის შემდგომ, შევაფასებთ და გაგიზიარებთ დავის ამ ნაწილში ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრების საკითხსაც.“, – აცხადებს ორგანიზაცია.

სატელევიზიო გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი არხის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 2020 წლის 11 მაისს სამსახურიდან facebook-პოსტის გამო გაათავისუფლა.

პოსტი, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლების საფუძველი გახდა, facebook-ზე 21 აპრილს დაიდო. ის ეხებოდა თეო თურმანიძის ეთერიდან მოხსნის საკითხს. თეო თურმანიძეც, ასევე სოციალურ ქსელში გაკეთებული პოსტის გამო, გიორგი კოხრეიძემ მაუწყებელის დისკრადიტაციაში დაადანაშაულა და მოხსნა ეთერიდან.

ამავე თემაზე:

► facebook-ზე განთავსებული პოსტის გამო აჭარის მაუწყებლიდან გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი გაათავისუფლეს;