სასამართლომ ანა არგანაშვილის მოთხოვნა კარანტინიდან იზოლაციაში გადასვლაზე დააკმაყოფილა

პუბლიკა

საქალაქო სასამართლომ უფლებადამცველ ანა არგანაშვილის მოთხოვნა, კარანტინიდან თვითიზოლაციაში შვილის გადაყვანაზე, დააკმაყოფილა.

ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვალ ჩაბარდება სასამართლოს გადაწყვეტილება და სახლში თვითიზოლაციაში გადავლენ.

„იმედია, სხვა ბავშვებს ჩვენსავით არ მოექცევიან ადმინისტრაციული ორგანოები ან წააგებენ სასამართლოში პროცესებს. მადლობა ბავშვის ადვოკატებს, ანას, ანას და სოფის.
მადლობა მეგობრებო მხარდაჭერისთვის! მადლობა მოსამართლე თამარ ოქროპირიძეს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის!” – წერს ანა არგანაშვილი.

ანა არგანაშვილი 11 წლის შვილთან ერთად კარანტინში ერთი კვირის წინ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაიყვანეს. არგანაშვილის ამბობს, რომ მან მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩამოსვლამდე შეავსო სპციალური განაცხადი და მოითხოვა თვითიზოლაციაში გადასვლა, თუმცა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისგან მოთხოვნაზე უარი მიიღო.

მთავრობის №322 დადგენილებით კი, რომელიც ფიზიკურ პირთა იზოლაციასა და კარანტინში გადაყვანის წესებს ეხება, წერია, რომ თვითიზოლაციაში მოთავსება შესაძლებელია განსაკუთრებული გარემოებებისა და ფაქტორების შემთხვევაში, მათ შორის, როცა საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციაში მოთავსება-გადაყვანა შესაძლებელია:

  • პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის [ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ქიმიოთერაპიის, დიალიზის სენსების საჭიროების და სხვა] გათვალისწინებით, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენისას;
  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის შემთხვევაში, აკრედიტებული პერსონალისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი სახელმწიფო უწყების შუამდგომლობის გათვალისწინებით, თვითიზოლაციის წესების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაცია ან დიპლომატიური მისია;
  • სხვა განსაკუთრებული გარემოებების/სოციალური ფაქტორების (შშმ, არასრულწლოვნობა და მსგავსი) არსებობისას, რომელიც ამართლებს თვითიზოლაციაში პირის ყოფნის უპირატესობას.