სასამართლომ ჩემი სარჩელი წარმოებაში მიიღო - იაგო კაჭკაჭიშვილი თსუ-ის ეთიკის კომისიის დასკვნაზე

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, სასამართლომ წარმოებაში მიიღო მისი სარჩელი, რომელიც თსუ-ის ეთიკის კომისიის დასკვნას აპროტესტებს.

„თავს ვალდებულად ვთვლი გაცნობოთ, რომ სასამართლომ წარმოებაში მიიღო ჩემი სარჩელი, რომელიც, თსუ რექტორის დირიჟორობით, ეთიკის კომისიის ცილისმწამებლურ და არაკომპეტენტურ დასკვნას აპროტესტებს. საზოგადოებამ უკვე გასცა საკადრისი პასუხი ცილისმწამებლებს; ახლა ჯერი სასამართლოზეა“, – დაწერა იაგო კაჭკაჭიშვილმა საკუთარ facebook გვერდზე.

თსუ-ის ეთიკის კომისიის დასკვნით იაგო კაჭკაჭიშვილმა „აკადემიური კეთილსინდისიერება დაარღვია (კომისიის გადაწყვეტილება ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე).

საუბარია 2020 წლის 13 აპრილს შექმნილ ეთიკის კომისიის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიას განსახილველად და შესაფასებლად ჰქონდა ორი საკითხი, დაედგინა: 1. ფიქსირდება თუ არა თვითპლაგიატის ფაქტი იაგო კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომისა და 2001 წელს გამოცემული მისი წიგნის („სოციალური მოქმედების თეორიები“) შემთხვევაში და 2. არის თუ არა იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ 2001 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა ავტორების ნაშრომების კომპილაცია.