სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია

პუბლიკა

სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, ირმა მანაგაძის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადგინა, რომ მისი გათავისუფლება უკანონო იყო და კულტურის სამინისტროს კომპენსაციისა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა, თუმცა არ დააკმაყოფილა სამსახურში აღდგენის მოთხოვნა. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.

„სამწუხაროდ, სამსახურში აღდგენა არ დაკმაყოფილდა, მაგრამ არა უშავს, დრონი მეფობენ და არა მეფენი. ადრე თუ გვიან მე აუცილებლად დავბრუნდები მუზეუმში“, – წერს ირმა მანაგაძე.

ირმა მანაგაძე ხელოვნების მუზეუმიდან 2022 წლის 21 იანვარს გაათავისუფლეს. ის ამბობდა, რომ მასთან ე.წ. კომპეტენციის დამდგენმა კომისიამ მხოლოდ ხუთწუთიანი გასაუბრება ჩაატარა და დაადგინა, რომ ის არ იმსახურებდა მუზეუმის თანამშრომლად ყოფნას. „არასდროს არცერთი დირექტორის „გუნდში” არ ვყოფილვარ“, – წერდა ირმა მანაგაძე სოციალურ ქსელში გათავისუფლების შემდეგ.

ირმა მანაგაძის ინტერესებს სასამართლოში კომპანია „ჯასთის ლიგ“ იცავდა.

კომპანიის ინფორმაციით, გუშინ გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სასამართლომ ირმა მანაგაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილა. „სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფს ირმა მანაგაძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა და მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაცემიდან 2022 წლის 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნული კი სამართლებრივად იმას გულისხმობს, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გადაწყვეტილება ირმა მანაგაძის გათავისუფლების შესახებ და ბათილად ცნო მათ მიერ მიღებული 2022 წლის 14 იანვრის ბრძანება N11 ირმა მანაგაძის გათავისუფლების თაობაზე“, – წერს კომპანია.

ირმა მანაგაძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა ეროვნული მუზეუმი. მუზეუმმა, ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, გადაწყვეტილების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია გამოაქვეყნა იმგვარი კონტექსტით, რომ თითქოს სასამართლომ მანაგაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მუზეუმის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ სასამართლომ ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ირმა მანაგაძის სასარჩელო მოთხოვნა კომპენსაციის სახით 10 560 ლარის გადახდისა და სამსახურში აღდგენის თაობაზე არ დააკმაყოფილდა.

ამავე პოსტში მუზეუმი არაფერს ამბობს იმაზე, რომ სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, მუზეუმს დააკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და რაც მთავარია, აღნიშნული სამართლებრივად გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ირმა მანაგაძის გათავისუფლების შესახებ.