თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა გოგიშვილმა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.
იოსებ სიგუას ყოფილი ცოლი სოფო სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ამხელს.
სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლოში არ დადასტურდა სიგუას მხრიდან არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი, თუმცა იმის გამო, რომ სისხლისსამართლებრივი გამოძიება დაწყებულია, ორდერი ძალაში რჩება.
სოფო სიგუა-შატბერავა აცხადებს, რომ საქმეში ძალიან ბევრი მტკიცებულებაა და სწორედ მისი უსაფრთხოებისთვის დარჩა ძალაში შემაკავებელი ორდერი.
„საქმეში არსებობს ძალიან ბევრი მტკიცებულება და სწორედ ჩემი უსაფრთხოებისთვის დატოვა სამაჯური ძალაში. ფაქტია, რომ მან [იოსებ სიგუამ] დაარღვია შემაკავებელი ორდერი, დამირეკა, რაც უპირობოდ ითვალისწინებს სამი წლით პატიმრობას.
შსს-მ ამაზე რეაგირება არ მოახდინა და ქალბატონი თეონა გვაზავა [ადვოკატი] ალიბად დაუდგა და თქვა, რომ მე დამერეკაო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ რომ მომკლას და ისევ გვაზავამ თქვას, ის ჩემთან ერთად იყოო და მკვლელობა ვინ ჩაიდინა, არ ვიციო, ეს სრულიად ლოგიკური იქნება.
რადგან ესენი აპოლიტიკურებენ ყველაფერს, მე მივმართავ პირველ პირებს მმარველი გუნდის, ქალს, რომელიც სამი შვილის დედაა და მაღალჩინოსანი მასზე ამდენი წელია ძალადობს, დაცვა უნდა… მე მინდა მასთან განშორება და მომცეს ამის უფლება“, – უთხრა სოფიო სიგუამ „ფორმულას“.
იოსებ სიგუას ადვოკატის, თეონა გვაზავას შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონს არღვევს.
„მოსამართლემ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ არ დასტურდება სოფია სიგუას მიერ წარდგენილი არც ერთი ბრალდება და არ დასტურდება იოსებ სიგუას მხრიდან ძალადობის არც ერთი ფაქტი.
პრევენციის მიზნით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება, ამ მოტივით ტოვებს შემაკავებელ ორდერს ძალაში, რაც ჩვენი შეფასებით, კანონის არსებითი დარღვევაა, რასაც გავასაჩივრებთ სააპელაციო წესით.
იმისთვის, რომ შემაკავებელი ორდერი დარჩეს ძალაში, უნდა არსებობდეს ან ძალადობრივი ქმედებიდან ან ფსიქოლოგიური ძალადობიდან ან სიტყვიერი შეურაცხყოფიდან ერთი კომპონენტი მაინც. როცა არც ერთი კომპონენტი არაა და ორდერი ძალაში რჩება, ეს კანონის დაღვევაა“, – განაცხადა თეონა გვაზავამ.
იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს „ტვ პირველმა“ გაავრცელა. სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ სიგუა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. სიგუამ ეს თანამდებობა 14 ივლისს დატოვა.
„ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასულ სიუჟეტში სიგუას ცოლი, სოფიო სიგუა, ჰყვება, რომ ბავშვები დაზაფრულები არიან და ეშინიათ, დედა არ მოუკლას მამამ. მათ 3 არასრულწლოვანი შვილი ჰყავთ.
სიუჟეტის მიხედვით, სამართლებრივი ბრძოლის დაწყება მეუღლემ 2026 წლის თებერვალში გაბედა. იოსებ სიგუას 2026 წლის 21 თებერვალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს. სოფიო სიგუა ამბობს, რომ გაიმართა სასამართლო სხდომაც, რომელზეც, სოფიო სიგუას თქმით, მოსამართლემ მოისმინა მასზე ძალადობის ფაქტები.
მისივე თქმით, ამ დანაშაულების შესახებ გენერალურ ინსპექციასაც აცნობა. სიუჟეტის მიხედვით, იოსებ სიგუასთან შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან 2 კვირის თავზე გარიგება მოითხოვა. გარიგება შედგა და 2026 წლის 4 მარტით თარიღდება. სოფიო სიგუა ამბობს, რომ მასზე წნეხი იყო და აიძულეს, დასთანხმებოდა გარიგებას.
გარიგების თანახმად, თუ სოფიო სიგუა თბილისის საქალაქო პროკურატურაში შეტანილ განცხადებას გამოიტანდა და ასევე, თუ 2026 წლის 21 თებერვალს იოსებ სიგუას წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდენი გაუქმდებოდა, თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება თანასაკუთრებაში გადაფორმდებოდა.
სოფიო სიგუას თქმით, შეთანხმებიდან 3 თვეში იოსებ სიგუამ უარი თქვა ალიმენტის გადახდაზე, მოითხოვა გარიგების გაუქმება და სოფიო სიგუასთან თანასაკუთრებაში არსებული ქონების უკან დაბრუნებაც.
იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებს უარყოფს და აბსურდს უწოდებს.
მისი მტკიცებით, სოფია სიგუას მიზანი მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებაა.