პროკურატურის ცნობით, სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელ გივი წულეისკირს მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლებისათვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კომპანიის იურისტს, სოფიკო პეტრიაშვილს კი 8 წლით.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა შპს „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა და 100%-იანი წილის მფლობელმა გივი წულეისკირმა და ამავე კომპანიაში დასაქმებულმა მეორე ბრალდებულმა სოფიკო პეტრიაშვილმა 579 მოქალაქის 34 855 130 ლარი მიისაკუთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი ფიზიკური პირი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ); 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მეორე ბრალდებული კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა ჩადენილი ჯგუფურად) წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე, დამნაშავედ ცნო ორი იურიდიული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა) და 194-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარდგენილ ბრალდებებში და თითოეულს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და 100 000 ლარი ჯარიმა განესაზღვრათ“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მსჯავრდადებულებს დაეკისრათ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაყადაღებული ბრალდებულების ქონებიდან.