სასამართლომ თამთა თოდაძის საქმეში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი გაამართლა

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა თამთა თოდაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ საქმეში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი გაამართლა წარდგენილ ბრალდებებში, რომელიც გულისხმობდა დაზარალებული თამთა თოდაძის ცემას, სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ჯიშკარიანის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და ყადაღა.

მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა გადაწყვეტილება განმარტა:

„ეჭვი არ მეპარება, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი შეეცდება, ამას მისცეს პოლიტიკური ელფერი, ამას უკვე მივეჩვიე. ადამიანი როცა მართალი ხარ, ამის არ გეშინია. გამამტყუნებელი განაჩენი დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ანუ მტკიცებულებათა საკმაო რაოდენობა, რომლებიც ადასტურებენ ადამიანის ბრალეულობას.

თუკი საქმეში ჩნდება პატარა ეჭვი, რომელიც არ ბათილდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, როგორც ჩვენი კანონის, ასევე კონსტიტუციის თანახმად წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.

მე არ ვამბობ, რა მოხდა და როგორ მოხდა, მე ვმსჯელობ იმის თაობაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა გამამტყუენებელი განაჩენისთვის“, – განაცხადა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი „ქართული ოცნებიდან“, ილია ჯიშკარიანი, თავისი წარმომადგენლობითი ბიუროს თანამშრომლის, თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ფიზიკური ძალადობის საქმეზე იყო ბრალდებული.

როგორც დაზარალებული თამთა თოდაძე ჰყვებოდა,  2019 წლის 30 სექტემბერს, ოფისში, სამუშაო საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, მას შემდეგ კი, რაც წინააღმდეგობა გაუწია და უთხრა, რომ მობილური ტელეფონით გადაიღებდა ყველაფერს, ყოფილმა დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. როგორც ის ჰყვებოდა, აღელვებული და მძიმე მდგომარეობაში მყოფი გამოიქცა ოფისიდან, შემდეგ დასახმარებლად დარეკა სასწრაფო-სამედიცინო მომსახურების ცენტრში, მოგვიანებით კი მასთან პოლიციაც მივიდა.

თამთა თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო ყოფილ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს ბრალი ორი მუხლით წარუდგინა – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.

საქმეზე სასამართლო განხილვები ორ წელზე მეტი მიმდინარეობდა. წინა სხდომაზე დასკვნითი სიტყვა სასამარლოს ბრალდების მხარემ წარუდგინა, პროკურირმა თამარ იაკობიძემ. დღევანდელ სხდომაზე კი დაცვის მხარის ადვკატმა მარიამ კუბლაშვილმა. ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლემ.