თამთა თოდაძის საქმე | რას ჰყვება დაზარალებული და პროკურორის დასკვნითი სიტყვა

თათია ხალიანი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდების მხარემ, პროკურატურამ თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის საქმეზე დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. საქმეში დაზარალებულია თამთა თოდაძე.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა როგორც ბრალდებული და ასევე დაზარალებული. პროკურორმა თამარ იაკობიძემ დეტალურად ისაუბრა საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასებაც წარუდგინა სასამართლოს.

ბრალდების ფორმულირების თანახმად,  2019 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე თბილისის ქეთევან წამებულის 46-ში მდებარე თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა თავის წარმომადგენლობით ბიუროში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და ძალადობით, ამავე ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა უშუალოდ დაზარალებულის, თამთა თოდაძის ჩვენებით დაიწყო. დაზარალებულის ჩვენების მიცემის დროს სასამართლო პროცესი დახურული იყო.

„ვინაიდან ეს დანაშაული თავისი არსით ლატენტურია და კატეგორიიდან გამომდინარე განეკუთვნება ისეთ დანაშაულებს, რომელიც, როგორც წესი, არ გამოირჩევიან თვითმხილველების  სიმრავლით, ხდება ყოველთვის ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის, იქ სხვა პირი ფიზიკურად არ არსებობს. ამიტომ კონკრეტული ჩვენებების შემოწმებისას ალბათ მნიშვნელოვანია სხვა რიგი გარემოებები, რომელიც საქმეზე ბრალდების მხარის შეფასებით, არსებობს.

პირველ რიგში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება სასამართლო პროცესზე იყო თანმიმდევრული და დაზარალებული მიერ მოწოდებული ინფორმაცია გარკვეულწილად სრულ თანხვედრაში იყო სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, აქ საუბარია სამედიცინო ექსპერტიზაზე, ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე, იმ ფსიქოლოგიურ ცნობასთან, რაც საქმეზე წარმოდგენილია და ა.შ.“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.

დაზარალებული თამთა თოდაძის ჩვენების მიხედვით, რომელზეც ბრალდების მხარემ ისაუბრა, მითითებულ დღეს დაზარალებული დილის საათებში მივიდა ბიუროში. იყო მარტო. ბიუროს ჰყავდა ხელმძღვანელი და კიდევ ორი თანამშრომელი, ანუ სულ 4 თანამშრომელი მუშაობდა დეპუტატის წარმომადგენლობით ბიუროში. მაგრამ იმ დღეს თამთა თოდაძე მარტო იყო და ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რადგან დაზარალებულის თქმით, დანარჩენ თანამშრომლებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ მეგობრული თუ ნათესაური კავშირის გამო დეპუტატთან და ყოველთვის არ ცხადდებოდნენ ბიუროში.

როგორც პროკურორი ჰყვება დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე, დაახლოებით 12 საათისთვის ბიუროში მივიდა დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელმაც უთხრა თამთა თოდაძეს, რომ ნაბახუსევი იყო. რამდენიმე მოქალაქესთან შეხვედრის შემდეგ კი უთხრა, რომ მოეტანა ალკოჰოლური სასმელი და მისაყოლებელი.

ბიურო შედგებოდა ორი ძირითადი ოთახისგან, ერთი სამუშაო სივრცე და მეორე უკანა მხარეს, გადატიხრულ ნაწილში იყო პატარა ოთახი, რომელიც სამზარეულოს ფუნქციასაც ასრულებდა.  სწორედ ამ სივრცეში გაშალა სუფრა დაზარალებულმა. მისი თქმით,  დაახლოებით 1 საათისთვის მივიდა ოფისში კიდევ ერთი თანამშრომელი და შემდეგ ილია ჯიშკარიანის ახლო მეგობარი. დაზარალებულმა განმარტა, რომ ისინი სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს, მან კი ცოტა დალია. ბრალდებულმა კონიაკის დაცლის შემდეგ სუფრაზე კიდევ მეორე  ბოთლი კონიაკი მოატანინა.

„როდესაც ბიუროდან წავიდა თანამშრომელი და ილია ჯიშკარიანის მეგობარი. ჩაკეტეს ბიუროს კარი რადგან მოქალაქეები არ შემოსულიყვნენ, რადგან დალევის დროსაც დაკეტილი იყო. როგორც თამთა თოდაძემ განგვიცხადა, ის დარჩა, რომ აელაგებინა სუფრა და დაახლოებით 4-5 საათისთვის დაეტოვებინა ბიურო. მისი თქმით, ილია ჯიშკარიანი აგრძელებდა დალევას. მისივე სიტყვებით „რეალობაში დალია ძალიან ბევრი“. ის ცდილობს აალაგოს მაგიდა, ამ დროს ილია ჯიშკარიანი მას უკნიდან იჭერს, უჭერს ხელს და სექსუალურად ძალადობს, კერძოდ, ძალის გამოყენებით, თამთა თოდაძის გაკავებით კოცნის ყელის არეში. დაზარებულმა განგვიცხადა, რომ ბრალდებული მიმართავდა სიტყვებით – რა არ გსიამოვნებს? თან ეუბნებოდა და ცდილობდა, რომ ეკოცნა ტუჩებში, ხელი ჩაუცურა უკანა ტანზე და მოუჭირა საჯდომზე ხელი, ამ ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სექსუალური ძალადობის შემდეგ რომ მიხვდა დაზარალებული რომ ვეღარ დააღწევდა თავს რადგან ფიზიკურადაც დიდი იყო მასზე და ქმედებებს ახორციელებდა ძალადობით და მისი ნების საწინააღმდეგოდ. დაზარალებულმა მაგიდაზე მისი ტელეფონი დაინახა, ერთადერთი საშუალება ჰქონდა და მარცხენა ხელით აიღო ტელეფონი და უთხრა რომ სექსუალური ძალადობის ფაქტს იღებდა, მან ეს თავის დასაცავად გააკეთა რომ დაეღწია მისგან თავი.  ამის შემდეგ დაზარალებულმა დეტალურად განმარტა მის მიმართ დაწყებული სექსუალური ძალადობა როგორ გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში.

დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მას შემდეგ რაც ილია ჯიშკარიანმა იგრძნო რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება შეიძლება გადაღებული ყოფილიყო, (თუმცა, მას ტელეფონით არაფერი არ გადაუღია და ეს იყო თავდაცვის რეჟიმი მის დასაშინებლად).

ამის შემდეგ იწყებს ილია ჯიშკარიანი ძალადობას, კერძოდ, მარცხენა ხელზე ეჭიდავება, ცდილობს წაართვას ტელეფონი, ამ ჭიდაობის დროს ხელის თითის ზედა ნაწილი დაიზიანა. ილია ჯიშკარიანმა გამოგლიჯა ტელეფონი ხელიდან, თან ჭიდაობის შედეგად დაზარალებულმა, რა თქმა უნდა მიიღო დაზიანებები ხელზე, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ძალიან ბევრჯერ დაახეთქა ტელეფონი ძირს, დაახლოებით 4 -5ჯერ და  ეუბნებოდა – სად არის შენი მტკიცებულებები“.

ამის შემდეგ უკვე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს დაზარალებულს, ასევე ურტყამს რამდენჯერმე და დაზარალებულმა დეტალურად განმარტა იმ პატარა ოთახიდან, სადაც დაიწყო სექსუალური ძალადობა როგორ ჭიდაობაში და ძიძგილაობაში გადმოინაცვლა ცენტრალური ოთახისკენ, სადაც მათი სამუშაო სივრცე იყო, ასევე, როგორ მოწმინდა ბიუროს იატაკი, ესეც გადატანითი მნიშვნელობით,  რადგან ძირს დაგდებულს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში – მუცელში, ფეხის არეში. აქ იბადება კითხვა რა მომენტში შეძლო თავის დაღწევა? დაზარალებული ამბობს, რომ როცა დარწმუნდა რომ ტელეფონი განადგურდა, გამიშვა , „- ჰყვება პროკურორი თავის დასკვნით სიტყვაში.

პროკურორის ნაამბობით, რომელიც დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა, თამთა თოდაძე ამის შემდეგ მივიდა თავის სამუშაო მაგიდასთან ჩანთის ასაღებად, მაგრამ ის იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ემოციურად, რომ სიმწრისგან გადმოაგდო ნივთები მაგიდიდან, თუმცა, მას ეს გამოძიებისთვის არ დაუმალავს და პირველივე ჩვენებაში  აღნიშნა. შემდეგ მიდის სახლში, რეკავს 112-ში და ითხოვს პოლიციას. პროკურორის თქმით, მასთან მივიდა საპატრულოს რამდენიმე ეკიპაჟი, კრიმინალური პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაზარალებული დაწვრილებით უყვება ყველას მომხდარის შესახებ და ამის ორსაათიანი ვიდეოჩანაწერიც არსებობს, პატრულის სამხრე კამერით გადაღებული, რომელიც პროკურორის თქმით, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო და მოსამართლეც გაეცნო.

პროკურორმა ისაუბრა ექსპერტიზის დასკვნებზე. მისი თქმით, დაზარალებულს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის დასკვნაშიც მითითებულია, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და ნაკაწრების სახით და დაზიანებების უმეტესობა მას ჰქონდა მარცხენა ხელზე. ასევე, ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა, ბრალდებული ილია ჯიშკარიანის ნერწყვის ნიმუში გადაიგზავნა ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე, ასევე, დაზარალებული თამთა თოდაძის კაბა. პროკურორის თქმით, ბიოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კაბაზე არსებული ბიოლოგიური მასალა იდენტურია ილია ჯიშკარიანის ნერწყვის ნიმუშიდან აღებულ გენეტიკურ პროფილთან.

პროკურორი წინა სხდომის მსგავსად, სადაც ბრალდებული გამოიკითხა, დასკვნით სიტყვაშიც აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ბიოლოგიური ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი ბრალდებულის ჩვენებაში გაჩნდა ის ნაწილი, რომ მან წამოაყენა დაცემის შემდეგ დაზარალებული და ამ დროს შეეხო, როდესაც გამოძიებასთან მას ამის შესახებ არ უსაუბრია.

პროკურორი ხაზს უსვამს ასევე, რომ თამთა თოდაძის ტელეფონი „გაქრა“, მას შემდეგ რაც თამთა თოდაძემ ბიურო დატოვა.

„მომხდარის შემდეგ რას აკეთებს დაზარალებული?- რეკავს პოლიციაში. რას აკეთებს ბრალდებული? – ურეკავს ბიუროს ყველა  თანამშრომელს, კრებს ოფისში და მთელ ბიუროს ალაგებინებს. დაზიანებულ ნივთებს თავის ადგილას დებენ და ნამსხვრევებს საერთოდ ყრიან. ელოდებოდნენ წავიდოდა თუ არა პოლიციაში თამთა თოდაძე.  როცა წავიდა ყველაფერი დაალაგეს და გაასუფთავეს და მეორე დღეს აცნობეს საკრებულოს. თუმცა არა იმავე დღეს, „- ამბობს პროკურორი.

ის თავის დასკვნით სიტყვაში შეეხო დაცვის მხარის სტრატეგიასაც და აღნიშნა, რომ გაუგებარია საბოლოოდ საქმეში არსებულ ამდენ მტკიცებულებებს, ექსპერტიზის დასკვნებსა და მოწმეების ჩვენებებს რას უპირისპირებენ, რადგან დაცვის მხარე ძირითადად აპელირებს დაზარალებულის „ალკოჰოლდამოკიდებულებასა და არაადეკვატურობაზე“, როდესაც ეს იგივე ფსიქოლოგის ჩვენებით და დასკვნით არ დასტურდება. ასევე, ადგილზე მისულმა გამომძიებელმა არ შეაფასა დაზარალებულის მდგომარეობა იმგვარად, რომ მოეთხოვა ალკოტესტი.

ასევე, პროკურორი ამბობს, რომ ამ ფაქტამდე თამთა თოდაძე იყო კარგი თანამშრომელი და 2017 წლიდან მუშაობდა ბიუროში, მაგრამ შემთხვევის შემდეგ ბიუროს თანამშრომლები, რომლებიც ახლო მეგობრულ და ნათესაურ ურთიერთობაში არიან ბრალდებულთან, ამბობენ, ერთი და იგივეს, რომ მას უყვარდა დალევა და ლაპარაკობდა ბევრს საკუთარ თავზე. ასევე, პროკურორი ამბობს, რომ დაცვის მხარე მიუთითებს წინასწარგანზრახვაზე, რომ დაზარალებულმა სამსახურებრივი დაწინაურების ვერმიღების შემდეგ წინასწარ დაგეგმა და შურისძიებას ჰქონდა ადგილი. პროკურორი ამბობს, რომ არცერთი ვერსია არ ჯდება ლოგიკაში, სწორედ გამოკვლეული მტკიცებულებების და დასკვნების საფუძველზე.

საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის მიმართ წაყენებული ბრალი, ერთი მხრივ სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი), ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან  9 წლამდე. ხოლო, მეორე მუხლი –  ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი),  ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

სასამართლო სხდომა ბრალდებულის დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით 4 მარტს განახლდება, სადაც, სავარაუდოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებაც გახდება ცნობილი.