დაზარალებული თამთა თოდაძე აპირებს, ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივლოს.
თამთა თოდაძე მოითხოვს, მარიამ კუბლაშვილის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოიყენონ.
📌 დაზარალებული თამთა თოდაძე ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივის.
Posted by პუბლიკა • Publika on ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2020
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლებისა და თოდაძის ადვოკატების ცნობით, მარიამ კუბლაშვილი თვეების განმავლობაში აქტიურად მიმოიხილავს, ასაჯაროებს და აკომენტარებს ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ დეტალებს ტელევიზიებში, ინტერნეტგამოცემებსა და facebook-გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტების საშუალებით. ამ გზით, მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძეს, როგორც დაზარალებულს, არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დასცინა, დაემუქრა.
„საფარის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ, სავარაუდოდ, ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა თამთა თოდაძის მიმართ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, დაარღვია/არ შეასრულა „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ადვოკატს ევალება, არ შელახოს როგორც სასამართლოს, ისე პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები.
„საფარის“ იურისტის, თეა თადაშვილის თქმით, სამი ტიპის ბერკეტი აქვს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას – გაფრთხილება, საქმიანობის შეჩერება და ასოციაციიდან გარიცხვა. თუმცა, როგორც იურისტი აღნიშნავს, ადვოკატთა ასოციაციის პრაქტიკის შესწავლამ აჩვენა, რომ ეთიკის კომისია ძირითადად გაფრთხილების პრაქტიკას იყენებს.
თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც თამთა თოდაძე ჰყვება, შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ილია ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თამთა თოდაძე ამბობს, რომ წინააღმდეგობის გაწევის გამო და მას შემდეგ, რაც უთხრა ჯიშკარიანს, რომ მობილურით გადაიღებდა ყველაფერს, დეპუტატმა მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა. თამთა თოდაძის ინტერესებს კავშირი „საფარი“ იცავს.
პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად 8 ოქტომბერს ცნო, ხოლო დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი წარუდგინა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბრალი ორი მუხლით წარუდგინეს – სექსუალური ხასიათის ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით (სსკ-ის 138 მუხლის მე-2 ნაწილის ბ ქვეპუნქტი) და ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია (სსკ-ის 126-ე მუხლის 1 ნაწილი).
ბრალდებულ ილია ჯიშკარიან აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო 11 ოქტომბერს შეეფარდა.